ჰერალდიკის საბჭო მოძალადე ჰომოფობების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯასა და დაწვას ეხმაურება და მომხდარს შემაშფოთებელს უწოდებს. საბჭო დროშასთან მოპყრობის წესის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობაზე საუბრობს.
“ჰერალდიკის საბჭო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშების, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის დროშის, საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვის და გამოფენის წესის, დაცვის და ღირსი პატივით მოპყრობის წესის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობას.
ასევე განვმარტავთ, რომ შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისდამი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა არ არის ცალკე აღებული რომელიმე ორგანიზაციის ევროკავშირის ან ევროსაბჭოს სიმბოლო. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას. ლაჟვარდის ველზე გამოსახული 12 ოქროს ვარსკვლავი ევროპული ერთიანობის, სოლიდარობის და ჰარმონიული თანაცხოვრების სიმბოლოა.
საქართველოს ისტორიული გზა, ქართველი ერის კულტურული იდენტობა, პოლიტიკური და ფასეულობითი არჩევანი გაცხადებული არაერთხელ, მათ შორის საზოგადოების საყოველთაო გამოკითხვის შედეგად, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას ევროპის დროშა მუდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი გაათავისუფლეს. დროშა ადგილზე დღეს დილით დააბრუნეს.
წყარო: pirveliradio.ge