საქართველოს მთავრობა რამდენიმე კვირაში ელოდება ქვეყანაში „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების ანტივირუსული მედიკამენტების მიღებას.
„ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდ-ინფიცირებულთა მკურნალობას. ასევე, შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ ეფექტიანია“, – განაცხადა 10 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
რა ოდენობის მედიკამენტების მიღებას ელოდება ქვეყანა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
აზარაშვილის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის 1 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული და ზრდის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს.
ხელისუფლებები მსოფლიოს გარშემო ცდილობენ იყიდონ „ფაიზერის“ „პაქსლოვიდი“ და „მერკის“ „მოლნუპირავირი“.
„პაქსლოვიდის“ მიღების რეჟიმია სამი აბი დილით და სამი აბი ღამით. „მოლნუპირავირის“ – ოთხი აბი დილით და ოთხიც ღამით.
დეკემბრის ბოლოს, საფრანგეთმა განაცხადა, რომ გააუქმა „მოლნუპირავირის“ შეკვეთა. ქვეყანამ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც კომპანიამ გამოაქვეყნა მონაცემები მედიკამენტის მოსალოდნელზე ნაკლებად ეფექტიანობის თაობაზე. კლინიკური კვლევების თანახმად, ტაბლეტი 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს მაღალი რისკის პაციენტებში.
„ფაიზერის“ მტკიცებით, „პაქსლოვიდი“ 90%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. ლაბორატორიული კვლევებით, წამალი ინარჩუნებს ეფექტიანობას სწრაფად გავრცელებადი ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგაც.