„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება, მზადაა, მიხეილ სააკაშვილი „ფიზიკურად გამოიხსნან“.
ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, სადაც ენმ-ის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.
„პირველი, რაც მოხდება, მიშას გათავისუფლების ოფისები გაიხსნება ყველა რაიონში. ვაპირებ კოალიციის გაკეთებას ქართველ ხალხთან და არა კაბინეტ-კაბინეტ პოლიტიკოსებთან სიარულს. მე არ ვაპირებ, ადამიანები სხვადასხვა ქალაქში სასეირნოდ ჩავიყვანო. მე არ ვაპირებ, რომ კონკრეტული ბარიკადი, რომელიც შეგვხვდება და იქნება ასეთი წინააღმდეგობები, ხელები ჩამოვუშვათ და ვთქვათ, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ და კანონს ვერ დავარღვევთ. ხელისუფლება არის კანონგარეშე[…] და როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, მე მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენგან იქნება ლეგიტიმური. მე არ ვაპირებ, ფიზიკურად უკან დავიხიო და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენ წინ, არ გადავლახო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, „შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?“, ხაბეიშვილი პასუხობს:
„კი, თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებ. ნუ გგონიათ, რომ ამაზე არ წავალთ. აქ კონკრეტულად მიშა სააკაშვილის ბედზე კი არის საუბარი, საუბარია სააკაშვილის ბედსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში ოპოზიცია ყოველთვის დამარცხდება „რუტინული არჩევნებით“ და ამიტომ „ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებებია საჭირო რევოლუციურად სწრაფად“.
„მათ შორის რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს”.
ამასთან, ხაბეიშვილმა გააკრიტიკა ენმ-ის მოქმედი თავმდჯომარე და პარტიის არჩევნებში მისი კონკურენტი ნიკა მელია, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება.
ხაბეიშვილის თქმით, მაშინ, როცა სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა და უმძიმეს მდგომარეობაშია, ნიკა მელია თანამდებობებს ინაწილებს.
„ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს. ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილზე. ეს არის ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა. გულწრფელად გეუბნებით, როცა გავიგე, ნიკა მელია 9 საათზე ბრიფინგს ატარებდა, ვიფიქრე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იტყოდა რამეს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა უნდა გავაკეთოთ და ამასობაში, შემოგვთავაზა რაღაც გაურკვეველი თანამდებობების გადანაწილება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.