საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და კომისიის წევრობის 22 კანდიდატთან გასაუბრება დაასრულა.
არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებული 11-კაციანი კომისია ერთ ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორ და მაქსიმუმ სამ კანდიდატს დღესვე შეარჩევს და პრეზიდენტს წარუდგენს. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ცნობილი დღის ბოლომდე გახდება, რის შემდეგაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უფლება აქვს კომისიის არჩევანს ან დაეთანხმოს, ან არა.
თანხმობის შემთხვევაში პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. ამის შემდეგ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე შვიდ აპლიკანტს და კომისიის ორი წევრის ასარჩევად 15 კანდიდატს საკონკურსო კომისია ორი დღის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უსმენდა.
დღევანდელი დღე მთლიანად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის შვიდი კანდიდატის მოსმენას დაეთმო.
ახალი საარჩევნო კოდექსით ცესკო-ს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით პარლამენტი ხმათა 2/3-ით ირჩევს. რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის ხმებიც სჭირდება. თუ საკანონმდებლო ორგანოში საჭირო 100 ხმა ორჯერ ვერ მოგროვდება, დეპუტატები თავმჯდომარის არჩევას ხმათა 3/5-ით ანუ 90 ხმით შეეცდებიან. თუ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა, საბოლოო ჯამში პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს 76 ხმით, მხოლოდ ექვსი თვის ვადით დაამტკიცებს.