საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურს ელიან, ქვეყანაში მრავალათასიან აქციებს მართავენ პოლიტიკური პარტიები, პარალელურად კი ბათუმში ბოლო თვეებია ერთი თავსატეხის ამოხსნას ცდილობენ – რის გაკეთებას აპირებენ ჩინელი ბიზნესმენები ბათუმში?
-
ჩინეთის რამდენი მოქალაქე იმყოფება ბათუმში, რას აკეთებენ და სად არიან
„მენეჯერმა გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნებია და ბევრი ჩინელი ერთად არ უნდა დაინახონ ქუჩაში. ამიტომ, ძირითადად, სავაჭრო ცენტრში ან სანაპიროზე გავდივართ”, – გვეუბნება ჩინეთის მოქალაქე, რომელთან კავშირზეც ანონიმურად გავედით.
მისი თქმით, ის უკვე ორი თვეა „მეტრო სითის“ (მეტრო ჰოლდინგის ერთ-ერთი პროექტი) მიმდებარედ ცხოვრობს და თავის გუნდთან ერთად იმ ჩინელებისთვის ქმნის სერვისს, რომლებსაც საქართველოში ცხოვრება ან/და მუშაობა სურთ.
ჩინეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ასევე ანონიმურად შევხვდით, გვითხრა, რომ „ეს მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია“. მას თუ დავუჯერებთ, ის თავის თანაგუნდელებთან ერთად უფრო მრავალრიცხოვანი ჩინური თემის მისაღებად ამზადებენ გარემოს – ხსნიან სუპერმარკეტებს, კვებისა და გართობის ობიექტებს, კაზინოს, KTV-ის, მასაჟის სალონს, ჩამოაქვთ ჩინური პროდუქცია, ყიდულობენ და ქირაობენ უძრავ ქონებებს, ავტომობილებს, ბიზნესებს.
მისი თქმით, მალე ბათუმში ჩინური თემი გაიზრდება – „ახლა დაახლოებით 3-4 ათასია, ხოლო მომავალში კიდევ 8 ათასი შემოვა“.
კითხვაზე, რა საქმიანობისთვის შეიძლება ჩამოვიდეს ამდენი ადამიანი ბათუმში, იგი გვპასუხობს, რომ ამის თქმა არ შეუძლია.
ორივე პირი აქამდე დუბაიში მუშაობდა, ისე როგორც ბათუმში ჩამოსული ჩინელების უმეტესობა. ბათუმში ჩინელებთან დაკავშირებულ ბიზნესს რომ დუბაისთან მივყავართ, „მეტრო ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დირექტორი რაულ კახაძე ირიბად ადასტურებს, როდესაც ახალ ინვესტიციაზე საუბრობს.
სწორედ „მეტრო ჰოლდინგია“ ის კომპანია, რომელმაც ბათუმში ჩინურ-ქართული ინვესტიცია დააანონსა.
3 აგვისტოს „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიაში რაულ კახაძემ ბათუმში, ფიროსმანის #12-ში ახალი თაუერის მშენებლობა დააანონსა, რომელშიც, მისი თქმით, 150 მილიონი დოლარის ღირებულების ჩინურ-ქართული ინვესტიცია განხორციელდებოდა.
აქ 7023 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი „მეტროსთან“ დაკავშირებულმა კომპანია სს „დე გრუპმა“ მანამდე რეკორდულ ფასად – 30 მილიონ ლარად შეისყიდა. კომპანიამ 1 კვ.მეტრში 4 271 ლარი გადაიხადა.
სს „დე ჯგუფი“, სს „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ და ჩინეთის მოქალაქე ჰოუ იანანიმ 2021 წლის 10 მაისს დაარეგისტრირეს [ამ სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდება 19 ივლისს შეიცვალა].
საზოგადოების სახელის შეცვლამდე ჩინეთის მოქალაქემ კუთვნილი წილი – 75% უსასყიდლოდ გადასცა „მეტრო ატლას ჯორჯიას“.
ბოლო მონაცემებით, სს „ვესთ თუერსში“ აქციები ოთხ სუბიექტს აქვს განაწილებული:
- 30%-ს ფლობს ქართული „მეტრო ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, სს “მეტრო ატლას ჯორჯია”;
- 50% ეკუთვნის შპს “ქონსთრაქშენ ქოს” – ეს კომპანია მიმდინარე წლის გაზაფხულზე კამბოჯის მოქალაქემ [ფილიპინური წარმოშობა] თომას შუმ დააფუძნა;
- თითქმის 10%-ის მფლობელია შანხაიში დაბადებული თურქეთის მოქალაქე ოზგურ ქურთი;
- 10%-ზე ოდნავ მეტს ფლობს ჩინეთში დაბადებული კამბოჯის მოქალაქე – შინ შაომინი.
ოზგურ ქურთი, ჩინური წარმოშობის ბიზნესმენი, რომელსაც თურქეთის მოქალაქეობა აქვს, „ვესთ თაუერსის“ გარდა კიდევ ახალ პროექტში ითანამშრომლებს „მეტრო ჰოლდინგთან“. ამის შესახებ „ბათუმელებმა“ 26 ოქტომბერს დაწერა.
ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შპს „შინჩიბა“ ბათუმში ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 4 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს.
ამ კომპანიაში ოზგურ ქურთის წილი 80%-ია, 10% „მეტრო ატლას ჯორჯიას“ ეკუთვნის, ხოლო დარჩენილი 10% – ბინ ლიანგ ჰუანგს – ასევე ჩინეთში დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს.
მეწილეების ჩინურ წარმოშობაზე კითხვას „მეტრო ჰოლდინგის“ ერთ-ერთმა დირექტორმა, რაულ კახაძემ უპასუხა, რომ ინვესტიცია დუბაიდან იქნება – „ინვესტორებს დუბაიში ბიზნესცენტრები აქვთ“.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც 4 ცათამბჯენი უნდა აშენდეს, მდებარეობისთვის ასევე მოულოდნელად მაღალ ფასად გაიყიდა – 9 904 კვ.მეტრი 15 მილიონ 94 428 ლარად [1 კვ.მეტრი 1524 ლარად].
ოზგურ ქურთი და ბინ ლიანგ ჰუანგი ბათუმში კიდევ ერთ კომპანიის – შპს „მეგა პალასის“ მფლობელები არიან. კომპანია მათ საკუთრებაში 15 ივნისს გადავიდა. „მეგა პალასი“ გორგილაძის #120-ში მდებარე სასტუმრო-კომპლექსის „ბესთ ვესთერნ პრემიერის“ მფლობელია.
-
„მეტრო ჰოლდინგი“ – უკანონო მშენებლობა და ამ მისამართზე ჩინეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიები
„მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიის სს „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ მიერ გოგოლის #11ბ-ში მიმდინარე უკანონო მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, თუმცა ჯერ არც მშენებლობა შეჩერებულა და არც მის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას მოჰფენია ნათელი.
გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ, 28 სექტემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ მიმდინარე მშენებლობა დაკავშირებულია ბათუმში არალეგალური ჩინური ონლაინკაზინოების IT მართვის ცენტრების მოწყობასა და კრიპტოვალუტის წარმოების გადმოტანასთან.
ოფიციალური პირები სხვა განმარტებას აღარ აკეთებენ, ამიტომ ვცადეთ ისევ ოპოზიციონერი დეპუტატისგან მიგვეღო მეტი ინფორმაცია.
„მათთან დასაქმებული ჩვენი თანაქალაქელები, ქართველები, რომლებიც მუშაობენ ამა თუ იმ კომპანიაში, გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები (ჩინეთის მოქალაქეები) ბათუმში ქმნიან ჩინური უკანონო ონლაინკაზინოების მხარდამჭერ ცენტრს თუ ბაზას. ასევე ახსენებენ ბითკოინებს, რაზედაც ჩვენ არ გვაქვს მყარი მტკიცებულებები, თუმცა ბიძინა ივანიშვილის სიყვარული ბიტკოინებისადმი კარგად ვიცით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გამორიცხული”, – ამბობს გიორგი კირთაძე.
ჩვენ რამდენიმე წყარომ, ანონიმურობის დაცვის პირობით, გვითხრა, რომ ამ მისამართზე, უკვე აშენებულ კორპუსებში, ჩინელები მუშაობენ კომპიუტერებთან.
ტერიტორიაზე ჩვენც დავაფიქსირეთ რამდენიმე მათგანი ძვირადღირებული ავტომანქანებით.
მეტი ინფორმაციის მიღება ამ საკითხზე რთულია, თუმცა საინტერესოა რომ შპს „ქონსთრაქშენ ქო“, რომელიც „ვესთ თაუერსის“ აქციათა 50%-ის მფლობელია, აღნიშნულ მისამართზეა რეგისტრირებული. ასევე, ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ბათუმში ჩინეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული 23-ზე მეტი კომპანიის იურიდიული მისამართიც გოგოლის ქუჩა #11ბ არის.
-
სასტუმროები, კომერციული ფართობები, აპარტამენტები და სხვა
ბათუმში უკვე ყველა იმაზე საუბრობს, რომ ჩინელები ქირაობენ ან/და ყიდულობენ სახლებს, აპარტამენტებსა და სასტუმროებს საბაზროზე ბევრად მაღალ ფასად.
ყიდულობენ ყველაზე ძვირადღირებულ ავტომანქანებს, მათ კერძო საკუთრებას კი გაძლიერებული დაცვა იცავს.
ჩვენ ვცადეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაგვერკვია, ჩინეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი ბოლო თვეებში, რა მიზნითა და დოკუმენტაციით, ჩინეთთან კავშირში მყოფი რამდენი ბიზნესი დარეგისტრირდა. უწყებამ კანონით განსაზღვრული ყველა ვადის გასვლის მიუხედავად, საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებენ სხვა სახელმწიფო უწყებებიც.
ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტებით, ჩინეთის მოქალაქეებმა 2021 წლის ზაფხულში ბათუმში 23 კომპანია დარეგისტრირეს. ამ კომპანიების წესდების მიხედვით, მათი ძირითადი საქმიანობა არის სათამაშო ტექნოლოგიები, სასტუმროს საქმიანობა, ქონების მართვა, დაცვა და დასუფთავება, ალაფურშეტის ორგანიზება.
ერთ-ერთი სასტუმროს მესაკუთრე, რომელიც მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა ინფორმაციის მოწოდებას, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით, აცხადებს, რომ თავისი სასტუმრო ბათუმში, 2 წლით გასცა იჯარით.
„წელიწადში 40 ათას დოლარზე მეტს მიხდიან. სულზე მომისწრო, კოვიდის გამო სეზონი ჩავარდა და ბანკის გადასახადს ვერ ვიხდიდი… ხელშეკრულებაში ჩამიწერეს, რომ თუ სასტუმროში დავაპირებ მისვლას, წინასწარ უნდა დავურეკო“, – გვიყვება სასტუმროს მესაკუთრე.
ჩვენ გადავამოწმეთ ის სასტუმროებიც, რომლებიც ვიცით, რომ ჩინეთის მოქალაქეებს აქვთ ნაქირავები. მათი ნაწილის შესახებ ინფორმაცია რეესტრში არ არის ასახული, რაც სრული სურათის დანახვის საშუალებას არ გვაძლევს.
თუმცა, ვიპოვეთ ათობით კერძო საკუთრება [მათ შორის, ბინები, კომერციული ფართობები, სასტუმროები], რომლებიც ჩინეთის მოქალაქეების მიერ 2021 წლის ზაფხულში ბათუმში დარეგისტრირებულ კომპანიებს აქვთ აღებული იჯარით.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ეს ქონებები ამ კომპანიებს 2023-2026 წლის ჩათვლით აქვთ აღებული.
ჩინურ ინვესტიციებს საქართველოში აქტიურად აკვირდება და კვლევის ანგარიშებს პერიოდულად აქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევნისთვის“.
„ჩვენ რაც ვიცით, არის სასტუმროების დახურვა ბათუმში, IT ჯგუფებია ჩამოსული და თუ არ ვცდები, გოგოლის ქუჩაზე შენდება მათთვის რაღაც შენობა“, – გვითხრა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.
„რომ დავიჯეროთ, რომ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობს ასეულობით კაცი იმიტომ, რომ ერთადერთ ოფიციალურად დაანონსებულ ჩინურ-ქართულ „ვესთ თაუერის“ მშენებლობაზე იმუშავონ, სუპერარარეალისტური და აბსოლუტურად არასერიოზულია“, – გვითხრა თინა ხიდაშელმა.
იგი ვარაუდობს, რომ ჩინური აქტივობები ბათუმში კავშირშია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან:
„ჩვენ ვაკვირდებით და ვიკვლევთ მსგავს შემთხვევებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ანალოგიური ოპერაცია განხორციელდა და პრაქტიკულად ყველგან, ეს იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ჩვენი ინტერესის საგანი ეს გახდა ფოთის გამო, ვინაიდან ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ბატონი ივანიშვილის და ჩხარტიშვილის ინტერესები ერთმნიშვნელოვნად მონოპოლისტურია და როდესაც ასეთი საგადასახადო სამოთხე არსებობს ბათუმითან ახლოს, რა თქმა უნდა, ავტომატურად გაგვიჩნდა განცდა, რომ ეს ღონისძიება, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, გადაჯაჭვულია სწორედ ფოთში საქმიანობასთან. ეხლა სწორედ ამას ვამოწმებთ”.
-
ჩინური მედია დუბაის შესახებ
20 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში WeChat-ის (პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმა ჩინეთში) ოფიციალურ გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა და საგანგებოდ შეახსენა ჩინეთის მოქალაქეებს, რომ გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე არ ჩაერთონ ონლაინგემბლინგსა და სხვა მომიჯნავე საქმიანობაში.
საელჩო იუწყებოდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოქმედი ონლაინგემბლინგის ჯგუფებმა ბოლო პერიოდში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაინაცვლეს.
„აღნიშნული ჯგუფები ონლაინთამაშების, ონლაინვაჭრობისა და კომპიუტერული პროგრამირების „ლეგალურ“ საფარველქვეშ მოტყუებით იწვევენ ჩინელ მოქალაქეებს საამიროებში სამუშაოდ ისეთი განცხადებებით, როგორიცაა „მაღალანაზღაურებადი სამსახური“, „ონლაინმედია“, „გეიმინგი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საელჩო უსაფრთხოების ნორმების შეხსენებასთან ერთად აღნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩო და საკონსულო კოორდინაციას უწევს საამიროების პოლიციის მიერ კრიმინალში ეჭვმიტანილთა დაკავება-ექსტრადაციას.
ჩინეთის მთავრობამ ამ პერიოდში ჩაატარა რამდენიმე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, გაამკაცრა კანონმდებლობა და შემოიღო არასაჯარო შავი სია, რომელშიც ისეთი ქვეყნებია შეტანილი, სადაც ჩინეთის მოქალაქეებზე გათვლილი უკანონო სათამაშო დაწესებულებებია მოწყობილი როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ.
„დევნა დაიწყო იმის გამო, რომ ყოველწლიურად ტრანსასაზღვრო არალეგალური ფსონები იწვევს 1 ტრილიონი ჩინური იუანის (145 მილიარდი აშშ დოლარი) გადინებას ჩინეთიდან ოფშორულ ვებსაიტებსა და კაზინოებში, რაც საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და სოციალურ სტაბილურობას“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ ანგარიშში, რომელიც მოამზადა ორგანიზაციამ ARF Council on Anti-Illegal Betting and Related Financial Crime.
ამავე ანგარიშდან ირკვევა, რომ 2019 წელს ჩინეთში 25 000 ადამიანი დააკავეს არალეგალურ ფსონებთან დაკავშირებული აქტივობებისათვის. 2020 წელს ეს რიცხვი 110 000-მდე გაიზარდა. რეიდები ეწყობოდა როგორც ჩინეთის ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის გამოყოფილია ფილიპინები და კამბოჯა, სადაც სათამაშო ჰაბები იყო მოწყობილი.
მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთმა ტრანსსასაზღვრო არალეგალურ გემბლინგთან დაკავშირებული პირებისთვის ამნისტია გამოაცხადა და 30 აპრილამდე ჩაბარებისა და აღიარების სანაცვლოდ, მსუბუქ სასჯელს ან სასჯელის სრულად გაუქმებას დაჰპირდა. მათ, ვინც ამ ვადაში არ დანებდებოდა, სხვადასხვა მძიმე სასჯელით დაემუქრა.
იმავე ანგარიშის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ჩინეთის ზეწოლის შემდეგ კამბოჯასა და ფილიპინებში სხვადასხვა რეგულაცია შემოიღეს სათამაშო ბიზნესის გასაკონტროლებლად, რთული გახდა იქ ოპერირება. შესაბამისად, ჩინელებზე გათვლილი სათამაშო ბიზნესის მოსაწყობად სხვა ქალაქები, მათ შორის, დუბაი გახდა მიმზიდველი.
2021 წლის პირველ მარტს ძალაში შევიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სისხლის სამართლის მე-11 შესწორება, რომლითაც გაიზარდა სასჯელი ტრანსსასაზღვრო გემბლინგთან დაკავშირებით, მათ შორის, დასჯადი გახდა ჩინეთის მოქალაქეების სხვა ქვეყანაში სათამაშო ტურიზმის მიზნით წაყვანა. ასევე დაანონსდა ტურისტული დანიშნულებების შავი სიისთვის ახალი მიმართულებების დამატება. მართალია, ეს სია დახურულია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩინეთის საელჩოს ზემოთ ხსენებულ განცხადებას, სავარაუდოა დუბაი ამ სიაშია.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, დუბაი შესაძლოა აღარ არის უსაფრთხო ზემოთ ხსენებული ჯგუფებისთვის, რომლებიც, ჩინეთის საელჩოს ცნობით, არალეგალურ ტრანსსასაზღვრო გემბლინგს ეწევიან.
-
ვაკანსიები ჩინეთის მოქალაქეებისთვის ბათუმში
თუ საქართველოს ჩინური სახელწოდებით მოძებნით ფეისბუქზე, ნახავთ რამდენიმე ჯგუფს და განცხადებას. ჩვენს ყურადღებას იქცევს დახურული ჯგუფი, რომლის სახელის ცვლილებების ისტორიიდანაც ირკვევა, რომ ჯგუფი გასული წლის 18 მაისს შეიქმნა, როგორც „ტაილანდში ჩინელთა საკომუნიკაციო ჯგუფი“.
წელს, 26 სექტემბერს ჯგუფმა შეიცვალა სახელი და გახდა „საქართველო-ბათუმი-ჩინელების ჯგუფი“.
ჯგუფში გაერთიანებულია 13 ათასზე მეტი მომხმარებელი. წესების მიხედვით ჯგუფში გაზიარებული ინფორმაციის გატანა მკაცრად აკრძალულია.
როგორც საჯარო ინფორმაციიდან ჩანს, ჯგუფი აქტიურია.
ამ ჯგუფში პოსტავენ ჩინურენოვან ვაკანსიებზე ბათუმში, დუბაიში, მალაიზიაში. ასევე იპოვით სხვადასხვა სერვისის შეთავაზებას.
განმცხადებლები ბათუმში ჩამოსვლის მსურველებს სთავაზობენ უძრავ ქონებას, სასტუმროებს, აპარტამენტებს და ასევე ეძებენ თანამშრომლებს – კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტებს,მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს. მთავარი მოთხოვნაა კანდიდატი იყოს ჩინეთის ან ტაივანის მოქალაქე.
ერთ-ერთი განცხადების მიხედვით, კომპანია 365完美集团, საქართველოში, ბათუმის ოფისში სამუშაოდ იწვევს 18-35 წლამდე ადამიანებს ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან, ტაივანიდან, მალაიზიიდან, მიანმარიდან, ვიეტნამიდან, ჩრდილოეთ კორეიდან და ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, რომლებსაც კარგად შეუძლიათ ჩინურად კომუნიკაცია. განცხდებას თან ერთვის ბათუმის რამდენიმე ფოტო.
365完美集团 – ჩინურენოვანი ონლაინთამაშებისა და ონლაინკაზინოს საიტია. საიტზე მოცემულია ინფორმაცია თამაშისა და ფსონების დადების მრავალფეროვნებაზე; გადახდისა და განაღდების უსაფრთხო გზებზე და სხვა დეტალები.
ამ კომპანიის განცხადებებს კიდევ ერთ ჩინურენოვან დასაქმების საიტზე მივაგენით, სადაც კომპანიის საქმიანობის აღწერში მითითებულია, რომ კომპანიას 10- წლიანი გამოცდილება აქვს და ოფისებს ფლობს, მათ შორის დუბაიში.
ამ ეტაპზე შეუძლებელია დაზუსტებით ვთქვათ, არსებობს თუ არა კავშირი ბათუმში მიმდინარე მოვლენებსა და დუბაიში თაღლითური ჯგუფების დევნის დაანონსებას შორის.
თუმცა ფაქტია, საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება ხელს უწყობს, რომ ინფორმაცია მკაცრად იყოს გასაიდუმლოებული.
სწორედ ამ გასაიდუმლოებაზე აკეთებს აქცენტს თინა ხიდაშელიც:
„ამ ქვეყანაში ჩინურ კომპანიებთან მიმართებაში ყველაფერი არასწორად ხდება, მაგრამ ამ მასშტაბის ბურუსი არც ერთ სხვა ურთიერთობას არ ჰქონია, როგორიც ბათუმის შემთხვევაში გვაქვს. ეს ამძაფრებს ეჭვს – გარდა იმისა, რომ არასწორად ხდება რაღაც, ასევე შესაძლოა არალეგალურ საქმიანობასთანაც გვქონდეს საქმე. სხვა შემთხვევაში ჩინურ მედიაში მაინც გაჩნდებოდა ამ აქტივობაზე ინფორმაცია“.
წყარო: netgazeti.ge