პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „საყოველთაო შერიგების“ იდეას ეხმაურება და ამბობს, რომ გაუხარდება, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ „შეცდომებსა და დანაშაულებზე“ დაფიქრდებიან.
მისი თქმით, მისთვის გასაგებია, რომ ეკლესიის წარმომადგენლები შერიგებისკენ მოუწოდებენ.
„თქვენ როგორ მიგაჩნიათ, იკითხეთ პატიმარი სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ მოეხდინა დეტსაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის, მკვლელობების განცხორციელებაც, თუ, რა თქმა უნდა, ისე მოხდებოდა, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავაცილეთ ქვეყანას.
რაც შეეხება ზოგადად ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველას საერთო სურვილია. ჩვენი სურვილიც არის, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე და დანაშაულებზედ და მართლაც გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. თუ ეს მოხდება, მხოლოდ გამიხარდება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
გუშინ , 13 ოქტომბერს, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ იმედი აქვს სააკაშვილი ციხეს დატოვებს და ქვეყანაში ახალი ეპოქა დაიწყება, სადაც მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება საერთო ენის გამონახვას შეძლებენ.
მისი თქმით, დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავალი სიძულვილის რიტორიკის შეწყვეტაშია და სააკაშვილს სთხოვა, მოეწოდებინა მომხრეებისთვის ყველას ერთად შერიგებაზე ეფიქრათ.