ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები კორონავირუსით იღუპებიან. ჩვენი ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცადა.
მისივე თქმით, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ერთადერთი გამოსავალი, არსებული რეგულაციების დაცვაა.
„მოგეხსენებათ, ცოტა გამკაცრდა რეგულაციები ბავშვთა ბანაკებთან დაკავშირებით. ასევე, კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებით და გზა არის ერთი – ვაქცინა არის, უნდა ავიცრათ! სხვანაირად კორონა არ გაჩერდება და არც სიკვდილიანობა კორონასგან. არსებული რეგულაციები ვირუსის შესაკავებლად სრულიად საკმარისია. მთავარია ახლა ის, რაც არსებობს, დავიცვათ.
ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, არიან ადამიანები, ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობენ, დიდი იმედი მაქვს საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით. იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები. ჩვენი ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება. მე სამწუხაროდ, კონკრეტული მაგალითებიც შემიძლია გითხრათ, უბრალოდ, ვერ დავასახელებ, იმიტომ, რომ ეს იქნება გარკვეული პირადი ინფორმაცია. ახლახანს მოხდა, ერთ-ერთ რაიონში. ნამდვილად არ ვიცი ხელისუფლების მომხრე თუ მოწინააღმდეგე იყო ის ადამიანი ვინც დაიღუპა, მე ის ვიცი, რომ ქელეხი, ქორწილი მოაწყვეს და შემდეგ ადამიანები დაიღუპნენ“,- განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, რეგულაციებს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არ იცავს.
„ჩვენ ხომ ეს ყველაფერი გამოვიარეთ. ინდოეთის კადრები ხომ ნანახი გაქვთ, პოლიციელი რომ დარბოდა ქუჩაში და ვისაც ნიღაბი არ ეკეთა ჯოხს რომ ურტყამდა?! ჩვენი ხალხი უმრავლესობა იცავს წესებს, მაგრამ საკამოდ დიდი ნაწილი არ იცავს. დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვინც ქუჩაშიც ნიღბით დადის, თუმცა, სამწუხაროდ ბევრია, ვინც ასე არ იქცევა.
შეხვედრები მქონდა ფოთში ერთ-ერთ დიდ საწარმოში, ბობოყვათში, სადაც 2-2 ათასი ადამიანი მუშაობს. ეს ადამიანები ძალიან აზრიან კითხვებს სვამდნენ. იმდენი დეზინფორმაცია შეგხვდებათ და ჭორები ამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. კმაყოფილი ვარ, რომ აქტიურად დაიწყო ამ საწარმოებში ვაქცინაციის პროცესი. ეს ხალხი წავა მერე სახლში, ვაქცინაციაზე ინფორმაციაც მათ მიერ გავრცელდება და დაინახავენ ადამიანები, რომ ადამიანი აიცრა და არანაირი ჩლიქი და რქები აცრის შედეგად არ ამოუვიდა“, – განაცხადა იმნაძემ.