შარლ მიშელის ვიზიტი აბსოლუტურად კანონზომიერია და საკმაოდ კატეგორიული იქნება – მე არ მგონია, მიშელმა ის ბრტყელ-ბრტყელი არგუმენტები მიიღოს, რაც ხელისუფლებას აქვს საკუთარი ოხლოკრატიისთვის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
პოლიტოლოგის თქმით, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის მთავარი მოტივატორი სასამართლოში მიმდინარე პროცესებია.
„შარლ მიშელისთვის ის შეთანხმება, რომელიც მისი სახელით არის სახელდებული, ძალიან მნიშვნელოვანია პირადად მისთვისაც და მისი კარიერისთვისაც, რადგან ეს მისი მნიშვნელოვანი აქტივია. ამ შეთანხმების შესრულება ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის არაერთი განცხადება სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, როდესაც შეთანხმების საწინააღმდეგოდ ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს თავისას, მოსამართლეების დანიშვნა მაქვს მხედველობაში და არ აჩერებს ამ პროცესს. შესაბამისად, მიშელზე ეს პერსონალური დარტყმაა, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირზე დარტყმა. მე ვფიქრობ, რომ მისი მთავარი მოტივატორი ამ შემთხვევაში სწორედ ეს არის, მაგრამ გარდა ამისა, მოხდა ისეთი რაღაც, რაც მათი გაგებით და ფასეულობების სისტემით, რითაც ცხოვრობს ევროკავშირი, წარმოუდგენელი ვანდალიზმია – როდესაც სისტემურად გაილახა არაერთი ჟურნალისტი, არამედ ქართული ჟურნალისტიკა, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ და არა მარტო, კრიტიკულად განწყობილი, ანუ ჟურნალისტიკა გაილახა მთლიანად. მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი თავისთვისაც კი, არამხოლოდ საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით ერთიან ევროპულ სივრცეში, არამედ საკუთარი კარიერის თვალსაზრისით, რაც შეიძლება წამოაძახონ ხვალ და ზეგ, რომ თავს რომ იწონებდი, სინამდვილეში ნახე რა ხდებაო. ასე რომ მე ვფიქრობ, მისი ვიზიტი აბსოლუტურად კანონზომიერია და საკმაოდ კატეგორიული იქნება. არ მგონია, შარლ მიშელმა ის ბრტყელ-ბტყელი არგუმენტები მიიღოს, რაც ხელისუფლებას აქვს საკუთარი ოხლოკრატიისთვის. ხელისუფლებას არ ელოდება კარგი დღეები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ხელისუფლება ცდილობს ეს საქმე შემსრულებლების დონეზე დატოვოს, რომ ევროკავშირი, შეერთებული შტატები დაკმაყოფილდნენ შემსრულებლების სახით, ანუ „ბარტყების გადაგდებით“ და ამ დროს მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვნახეთ, პირდაპირ წერია, რომ დასავლეთი შემსრულებლების დასჯას არ ითხოვს, ის ითხოვს ორგანიზატორების და დამკვეთების დასჯას, ანუ უფრო ფართო გამოძიებაა საჭირო. ამიტომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ხუხაშვილმა..
IPN