ღარიბაშვილმა 139 436 დოლარი დახარჯა რეკლამაზე სოცქსელებში – ბოლო ორი წლის მონაცემი

ასევე დასპონსორებულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ პრემიერის ერთ-ერთი პირველი განცხადება – „ამ ომით მხოლოდ უკრაინა დაზარალდება“. ამ განცხადების რეკლამირებისთვის 25 თებერვალს, ომის მეორე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქგვერდზე 300-ზე მეტი დოლარია გადახდილი.

25 თებერვალი - ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი რუსეთ-უკრაინის ომზე

25 თებერვალი – ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი რუსეთ-უკრაინის ომზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ გვერდებზე რეკლამებში, ბოლო ორ წლის განმავლობაში, 139 436 დოლარი აქვს გადახდილი.

მათ შორის, ბოლო სამ თვეში, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში – 14 მარტიდან 11 ივნისამდე პერიოდში – 19 373 დოლარი.

„ბათუმელები“ დაინტერესდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდსა“ „ინსტაგრამგვერდზე“ რეკლამირებისთვის დახარჯული თანხებით, მათი წარმომავლობითა და ამ რეკლამების შინაარსით.

პრემიერის სოც ქსელის რეკლამირება

Meta Ad Library Report – შესაძლებლობას იძლევა ვნახოთ მონაცემები სოციალურ საკითხებთან, არჩევნებთან ან პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკლამების შესახებ „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და „მესენჯერის“ და „აუდიენს ნეთქვორქის“ პლატფორმებზე.  ხარჯები მოცემულია კონკრეტული რეკლამის დამკვეთების და თარიღების შესახებ გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. საქართველოში აღნიშნული მონაცემები 2020 წლის აგვისტოდანაა ხელმისაწვდომი.

ღია მონაცემების მიხედვით, აღნიშნული თანხიდან, საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა გვერდმა – საქართველოს მთავრობა, დააფინანსა  66 069 დოლარით  578 რეკლამა. თავად საქართველოს მთავრობის გვერდზე რეკლამაში კი, ამავე პერიოდში, 32 688 დოლარია დახარჯული, 868 რეკლამის დასასპონსორებლად.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდების [ფეისბუქი და ინსტაგრამი] რეკლამებიდან 20 258 დოლარით დაასპონსორა 71 რეკლამა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების ოფიციალურმა გვერდმა – თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი. თავად აღნიშნულ გვერდზე კი სტრატკომს 1 895 დოლარი აქვს დახარჯული 36 რეკლამისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 195 რეკლამისთვის გამოყენებული დაფინანსების წყაროს შესახებ განაცხადში [disclaimer] თავად გვერდი Irakli Garibashvili გვხვდება და მონაცემების მიხედვით, სულ, 2020 წლის 4 აგვისტოდან ამ დრომდე, დახარჯული აქვს 33 428 დოლარი.

ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე რეკლამებისთვის 14 367 დოლარის გადამხდელად მითითებულია Georgian Dream [„ქართული ოცნება“]. კიდევ ერთ გადამხდელად მითითებულია ფიზიკური პირი პაატა გამჯაშვილი – Paata Gamjashvili. მის სახელთან დაკავშირებულია 5 314 დოლარის ოდენობის 79 რეკლამა.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდებზე განთავსებულ რეკლამაში გადახდილი საფასურის რაოდენობა დაფინანსების წყაროების მიხედვით

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდებზე განთავსებულ რეკლამაში გადახდილი საფასურის რაოდენობა დაფინანსების წყაროების მიხედვით, 2020 წლის 4 აგვისტოდან 2022 წლის 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში. დაფინანსების წყაროს მითითების გარეშე გაშვებულ რეკლამებს „მეტა“ ქსელიდან ხსნის.

პაატა გამჯაშვილი მოხვდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჩატარებული სოციალური მედიის მონიტორინგის 2021 წლის 26 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში – ფარული საინფორმაციო კამპანიის კავშირი სამთავრობო უწყებებთან.

ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ გამჯაშვილის პირადი პროფილი მართავდა ფეისბუქჯგუფს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები. ამავე ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ

გამჯაშვილის ფეისბუქპროფილზე, აპრილის დასაწყისში, სამუშაო ადგილად თავდაცვის სამინისტრო იყო მითითებული, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია წაიშალა. ამასთან, 2020 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე რეკლამების განმთავსებლად მისი სახელი და ელფოსტა იყო მითითებული. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით კი, როდესაც გვერდზე რეკლამები თავად ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის სახელით (disclaimer) ქვეყნდებოდა, კვლავ გამჯაშვილის საკონტაქტო ინფორმაცია იყო მითითებული.

ამ დროისთვის [14 ივნისი, 2022] პაატა გამჯაშვილის პირადი პროფილი აღარ არის აღნიშნული ჯგუფის ადმინისტრატორების სიაში და არც პირად პროფილზე განთავსებულ ინფორმაციაში აქვს მითითებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შესახებ.

პაატა გამჯაშვილს „ბათუმელები“ ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა და ჰკითხა, იმ პერიოდში, როდესაც პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდებზე რეკლამაში გადამხდელად იყო მითითებული, რა თანამდებობას იკავებდა, ახლაც თუ მუშაობს იმავე პოზიციაზე და მისი სახელით გადახდილი თანხა თავისი იყო თუ ბიუჯეტიდან გამოყოფილი.

პაატა გამჯაშვილმა გვიპასუხა, რომ არ სურდა ინტერვიუს მოცემა ან კონკრეტულად ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. რის შემდეგაც პროფილი, რომლითაც „ბათუმელების” რეპორტიორი ეკონტაქტებოდა, დაბლოკა.

2021 წლის 21 თებერვლიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, დღემდე საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის სტრატკომის მიერ ღარიბაშვილის გვერდისთვის დაფინანსდა დაახლოებით 600 რეკლამა. მათ შორის 100-ზე მეტი პოსტი არის ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეოპროდუქტი – პირდაპირი ჩართვა, სიუჟეტი, რეპორტაჟი ან გადაცემა, რომელიც ბრენდირებულია. რეკლამები ეთმობა ასევე „მაესტროსა“ და „რუსთავი 2“-ს მასალებსაც. ასევე, ვხვდებით ვიდეომასალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პრემიერის პრესსამსახურის მიერაა მომზადებული და არ არის ბრენდირებული.

ზოგადად, პრემიერის ოფიციალურ გვერდზე დასპონსორებული რეკლამები სხვადასხვა სახისაა – კომენტარი, ფოტო, მილოცვა, ღია წერილი და ა.შ. მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გვერდის ანგარიშიდანაა დასპონსორებული  და 5, 6 და 7 ოქტომბერს დაახლოებით 200-ზე მეტი დოლარია დახარჯული. ასევე, თავად ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები ოჯახთან, სასულიერო პირებთან ან დიპლომატებთან ერთად.

24 თებერვლიდან 13 ივნისამდე პერიოდში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე დაახლოებით 94 რეკლამას ეძებს „მეტას“ სისტემა. ამ პერიოდში ყველა გადახდა ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდიდან განხორციელდა.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდი ინსტაგრამზე, ვიდეო, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი „ყველაფრისთვის ფარდის ახდით“ იმუქრება, თუ 23-24 ივნისს „გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდზე დარეკლამებულია პოსტები და სატელევიზიო კომენტარები, რომლებიც ისედაც შუქდება მედიაში, ისევე, როგორც მოწოდებები გვერდის გამოწერასთან დაკავშირებით. ამ კატეგორიაში ბოლო დროს დასპონსორებულ რეკლამებში იორდანიაში მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემის ცერემონიაზე გადაღებული ფოტოა წარმოდგენილი.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური „ფეისბუქგვერდი“ შეიქმნა 2012 წლის 4 ნოემბერს სახელწოდებით – Irakli Garibashvili Official. 2015 წლის 26 იანვარს სახელი შეიცვალა და დღემდე წარმოდგენილია, როგორც Irakli Garibashvili. გვერდი ვერიფიცირებულია და 377 200-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამ გვერდზე მიმაგრებულ „ინსტაგრამგვერდს“ კი 3 800-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

 

გამოიწერეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდი

გამოიწერეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდი – რეკლამა 10 ივნისიდანაა განთავსებული და ამ დროისთვის [13 ივნისი] 1000 დოლარზე მეტია დახარჯული

„ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს მიმართა იმის გასარკვევად, იმ რეკლამებისთვის, რომელთა დაფინანსების წყაროდაც ირაკლი ღარიბაშვილია მითითებული, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, თუ თავად პრემიერ-მინისტრი იხდის ფულს პირადი სახსრებით.

უწყების პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.

batumelebi.netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები