„ქართული ოცნების” გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე არის ნაბიჯი უკიდურესი პოლარიზაციისკენ და მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე, – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
კვირიკაშვილის შეფასებით, „პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ეკისრება პირველ რიგში ქართული ოცნების ხელმძღვანელობას”.
„თუმცა, ნაციონალური მოძრაობაც, რომელმაც ხელშეკრულებაზე არმიერთებით საშუალება მისცა მმართველ პარტიას, უარი ეთქვა აღებულ ვალდებულებებზე, ასევე პასუხისმგებელია იმ რეალობაზე, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა.
და მიუხედავად იმისა, თუ რა გეგმები აქვს და როგორ მოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, სწორედ მმართველი პარტიის ვალდებულებაა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედების მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულების შესრულება და ქვეყნის განვითარების შიდა და საგარეო ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა”, – წერს კვირიკაშვილი “ფეისბუქზე”.