ევროპარლამენტარი მიჰაილ გალერი გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს და ამბობს, რომ „ქართული ოცნებისგან“ განმარტებას ელის.
ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტვიტერზე წერს.
„ქართული ოცნებისგან“ ვითხოვ განმარტებას, ითვლება თუ არა ასეთი საქციელი საქართველოს ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ?“- წერს გალერი.
25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.
ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.
ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.