ტყუილების გავრცელება პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“ აზარალებს, რაც არჩევნებზე გამოჩნდება

ტყუილების გავრცელება პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“ აზარალებს, ეს გამოჩნდება არჩევნების რეიტინგებში – ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი ერთმანეთთან თანხვედრაშია, ეს არანაირად არ აზარალებს პარტიას „საქართველოსთვის, – ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი კითხვას, რამდენად აზარალებს მათ პარტიას ის ფაქტი, რომ თუნდაც გახარიასა და სააკაშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კონტექსტში, გახარიას თავის მართლების რეჟიმში უწევს ყოფნა.

როგორც მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, არ არის გასაკვირი, რომ რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი ვაშინგტონში ერთად აღმოჩნდა.

მისივე თქმით, დადასტურდა, რომ ეს არის ტყუილი და ხელისუფლება მსგავსი მოქმედებით აქტუალური საკითხებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.

,,არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი ერთად აღმოჩნდა ვაშინგტონში. ვფიქრობ, ჩვენი გუნდის წევრებმა საკმაოდ ნათელი პასუხები გასცეს ამ ყველაფერს. უპრეცედენტოდ წარმატებული ვიზიტები გვქონდა ვაშინგტონში და ბრიუსელში. ჩვენი გუნდის ლიდერი და პარტიის წევრები ხვდებიან პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული ორგანოს წარმომადგენლებს. ჩვენი აზრით, მნიშნველოვანია, რომ ხელისუფლების მცდელობები ქვეყნის პრობლემებიდან გადაგვიყვანოს ტყუილებზე, შემოვაბრუნოთ და ვკონცენტრირდეთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს აქვს საზოგადოებას. დადასტურდა, რომ ეს არის ტყუილი. უნდა დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი და გადავიდეთ კონკრეტულ პრობლემებზე და საჭიროებებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და რომლის გადაფარვასაც ხელისუფლება ამ ტყუილებით ცდილობს. მიმდინარეობს ძალიან მძიმე პროცესები სასამართლოში, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაზე. ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ვაშინგტონში საქართველოსთვის იმყოფებიან და კონკრეტულ გამოწვევებზე ესაუბრებიან საერთაშორისო პარტნიორებს.

ვფიქრობ, ასეთი ტიპის ტყუილების გავრცელება პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“ აზარალებს, ეს გამოჩნდება არჩევნებზე რეიტინგებში. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი ერთმანეთთან თანხვედრაშია, ეს არანაირად არ აზარალებს პარტია „საქართველოსთვის“. ჩვენ კითხვებზე პასუხების გაცემის პრობლემა არასდროს გვქონია. პოლიტიკოსებმა არ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ხელისუფლებამ რეალური პრობლემებისგან მოგვწყვიტოს და არ დავასხათ მათ წისქვილზე წყალი, რომლის ქმედებებიც მიმართულია ყველგან, გარდა საზოგადოების პრობლემების მოგვარებისა“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, დროთა განმავლობაში დადასტურდა, რომ გიორგი გახარია არავის პროდუქტი არ არის და მათი პარტიისთვის „რადიკალური დღის წესრიგის მქონე პარტიებთან“ თანამშრომლობა მიუღებელია.

,,რაც დრო გადის, არამხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც რწმუნდებიან, რომ ყველას დღის წესრიგი მორგებულია ჩვენს წინააღმდეგ, რომ გააკრიტიკონ პარტია „საქართველოსთვის“ და სხვადასხვა მეთოდებით ჩვენს გუნდს, ან მის ლიდერ გიორგი გახარიას თავს დაესხას. დროთა განმავლობაში დადასტურდა, რომ გიორგი გახარია არავის პროდუქტი არ არის, ჩვენი პარტია გახლავთ ხალხის პროდუქტი, ჩვენი პარტიის საქმიანობა მიმართულია მომავლისკენ, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ეს ყველაფერი ძალიან კარგად გადაითარგმნება არჩევნების შედეგებში”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რამდენად უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას სამომავლოდ მაინც, მით უფრო, რომ ოპოზიცია კოალიციურ მმართველობაში ხედავს გამოსავალს, მისი თქმით, ისეთი ტიპის პარტიებთან, რომლებსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ და ძირითადად პოლარიზაციისკენ მიჰყავთ მთელი პოლიტიკური პროცესები, არათუ საჭიროება არ დგას, რომ ითანამშრომლონ, არამედ მიუღებელია მათი პარტიისთვის.

“ვგულისხმობ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლის ქმედებებიც და ნაბიჯებიც იქნება რადიკალური“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა IPSOS-ის კვლევას, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას” მისცემდა, 23% “ნაციონალურ მოძრაობას”, 8% კი გიორგი გახარიას პარტიას – „საქართველოსთვის”. მეზვრიშვილის განცხადებით, აბსოლუტური სიზუსტით პარტიის რეიტინგის გაზომვა ნაადრევია, თუმცა პარტია „საქართველოსთვის“ და მის ლიდერს აქვს უპრეცენდენტო მხარდაჭერა.

,,ალბათ, აბსოლუტური სიზუსტით პარტიის რეიტინგის გაზომვა ჯერ ცოტა ნაადრევია. არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დრო არის დარჩენილი და რამდენად მოხდება ამ რეიტინგების ვერიფიკაცია, ეს არჩევნებზე კარგად გამოჩნდება. დღეს პარტია „საქართველოსთვის“ და მის ლიდერს აქვს უპრეცენდენტო მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ საერთაშორისო პარტნიორებშიც, რაც ჩვენი ვიზიტების დროს კარგად გამოჩნდა. ეს მხარდაჭერა გამოჩნდა ასევე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, სადაც გიორგი გახარია არის ლიდერი პოლიტიკოსებს შორის და დარწმუნებულები ვართ, არჩევნებზე ეს შედეგები კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება. ყველამ ძალიან ნათლად დაინახა, რა როლი შეასრულა რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დასრულების პროცესში ჩვენი პარტიის პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლამ. ფაქტია, რომ რაღაცები შეიცვალა, ისიც საკმარისია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ძალიან აქტიურად ჩვენს კვალდაკვალ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ დავასრულოთ რადიკალური დღის წესრიგი და უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებული ხალხის საჭიროებებზე. ჩვენ გარდამტეხი როლი ამ პროცესებში შევასრულეთ და თუ ყველა პოლიტიკური პარტია ასე გააგრძელებს, ეს მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

 

წყარო: IPN

მსგავსი სიახლეები