ტიკარაძე უვადო მწვანე პასპორტს მხარს არ უჭერს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მწვანე პასპორტის უვადობას არ ემხრობა. ამის შესახებ მან რ2-ის ეთერში განაცხადა, სადაც ჰკითხეს რატომ აძლევს ქვეყანა უვადო კოვიდ პასპორტს ნებისმიერ ადამიანს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა.

“ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს ამ მიმართულებით, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს “მწვანე პასპორტები”, თუმცა შემდეგ რეგულაციები შეიცვლება “დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე”.

“ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს საბჭოს წარუდგენს”.

1 დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს “მწვანე პასპორტის” წარდგენა მოეთხოვებათ კვების ობიექტებში, სასტუმროებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, ფიტნესდარბაზებში და სხვა. “მწვანე პასპორტი” აუცილებელი არ არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სურსათის მაღაზიებში.

მწვანე სტატუსი აქვს პირს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი. ამასთან, ადამიანმა ერთხელ თუ გადაიტანა კორონავირუსი, ქართულ დოკუმენტში მუდმივ „მწვანე სტატუსს” ანიჭებენ.

ექიმების აზრით, ამ მიდგომას საერთო არაფერი აქვს მეცნიერებასთან და არ მოქმედებს არცერთ ქვეყანაში. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გაითვალისწინა დარგის სპეციალისტების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია, კოვიდგადატანილის “მწვანე სტატუსი” გარკვეული პერიოდით (6 თვე) შემოიფარგლოს.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები