ეკატერინე ტიკარაძე ამ წუთებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ღონისძიებას სასტუმრო „ბილტმორში“ NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესწრებიან. ასევე ექიმების ნაწილი და დეპუტატები, მათ შორის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
აღსანიშნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ იმყოფება. ღონისძიებას არც ეკატერინე ტიკარაძის კოლეგა მინისტრები არ ესწრებიან.
როგორც მედიას სამინისტროს პრეს-სამსახურში უთხრეს, პრეზენტაციაზე მთავრობის მეთაური და მინისტრები არ მიუწვევიათ, რადგან ღონისძიება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის იმართება.
აღსანიშნია, რომ ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლა 9 დეკემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაანონსა და იქვე თქვა, რომ მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი და ბოლო მიზეზი covid-გადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ მინიჭება იყო, რასაც ჯანდაცვის უწყების პირველი პირი არ ეთანხმებოდა.