“აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა არა მოლაპარაკებებითა და შუამავლებით, არამედ, საკუთარი შეიარაღების წყალობით აღადგინა”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შაჰბაზ შარიფთან შეხვედრის შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში.
“თითქმის 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი სომხეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომელიც შედეგს არ გვაძლევდა. და მხოლოდ ჩვენი სამხედრო სიმძლავრეებისა და აზერბაიჯანელი მებრძოლების სულისკვეთების წყალობით შესაძლებელი გახდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი მიწები, რასაც 3000 ჩვენი ბიჭის სიცოცხლე შეეწირა”.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა – ჯერ კიდევ 1992 წლიდან იწარმოებოდა მოლაპარაკებები OSCE-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფორმატში დიალოგის გაგრძელება აღარ სურდა.
2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.