ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, საქმე შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს. საიას ცნობით, ქალი გარდაცვალებამდე წლების განმავლობაში მიმართავდა პოლიციას და შველას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცავმა უწყებებმა არ გამოიჩინეს სათანადო გულისხმიერება და არ შეასრულეს მათთვის დაკისრებული ვალდებულებები.
საიამ, European Human Rights Advocacy Centre-თან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის 9 აგვისტოს წარადგინა. საჩივარში ასაბუთებდა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქალის გარდაცვალების პრევენცია, მიუხედავად მსხვერპლის მიერ გარდაცვალებამდე პოლიციისთვის 16-ჯერ მიმართვისა და ვერ დაიცვა მსხვერპლი ყოფილი მეუღლის მხრიდან სისტემატური ხასიათის ძალადობისგან. ასევე, არ გამოიძია თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი ფემიციდის თვალთახედვით, დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის პროცესში არ გაითვალისწინა გენდერული მიდგომები და საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის დარღვევა დაადგინა მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში.
საიას ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა მომჩივნის წარმომადგენელთა არგუმენტები და დაადგინა „რომ საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით ორ ასპექტს მოიცავს: პირველი, რომ მიმდინარე გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებული შესაძლო დაუდევრობის შესახებ იყო არაეფექტიანი და მეორე, რომ განმცხადებლის ქალიშვილის შეურაცხყოფასა და სიკვდილთან დაკავშირებით გამოძიება მოძალადის წინააღმდეგ იყო არაადეკვატური“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, საქართველოში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული 16 შეტყობინების საფუძველზე პოლიციამ 13-ჯერ პატრულის ეკიპაჟის გაგზავნით, ხოლო 3-ჯერ შემაკავებელი ორდერით უპასუხა, სასამართლოს შეფასებით, სამართალდამცავებმა არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ ქალმა დახმარების თხოვნა შეწყვიტა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით დაუცველი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზამ შესაბამის ორგანოებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ინიციატივით გამოიძიონ ეს საკითხები, და ამას ხელი არ უნდა შეუშალოს დაზარალებულის მხრიდან განცხადების არარსებობამ ან შემდგომ განცხადების გამოტანამ. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცველები თითოეულ განცხადებას ცალკე შემთხვევად განიხილავდნენ და არა სისტემურად, რაც რისკის არასათანადოდ შეფასებაში გამოიხატა.
სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „ოჯახში ძალადობა თითქმის არასდროს არის ერთჯერადი ინციდენტი, ის ძირითადად მოიცავს კუმულაციურ და ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ემოციურ, სიტყვიერ და ფინანსურ ძალადობას“.
სახელმწიფოს ჩადენილ დარღვევებზე სამართლიანი დაკმაყოფილების სახით მორალური ზიანისთვის 20 000 ევროს, ხოლო ხარჯებისთვის კი 12 600 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.