სახეზეა რეპრესიული რეჟიმი – დეკანოზი ილია ჭიღლაძე საპატრიარქოს პასუხობს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც სინოდური კომისიის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი მღვდელმოქმედება აეკრძალა, საპატრიარქოს პასუხობს.

ჭიღლაძე ფეისბუკზე აკრიტიკებს ამ გადაწყვეტილებას, მით უფრო იმის ფონზე, რომ 30 ივლისის გადაწყვეტილება საპატრიარქომ 10 დეკემბერს გაავრცელა.

„30 ივლისის გადაწყვეტილებას 10 დეკემბერს რომ გამოაქვეყნებ, არათუ დროს ხარ აცდენილი, არამედ ადეკვატურობასაც. მეც დღეს გავიგე თქვენთან ერთად ეს გადაწყვეტილება, რომ შემიჩერეს მღვდელმოქმედების უფლება, მეგობრებო. რა თქმა უნდა, არ მიკვირს საპატრიარქოს კლანისგან არაფერი, ისინი ელემენტარულ კანონიკას და წესიერებას აცდენილნი არიან.

მოყვანილი სამი კანონიდან მესამე, მოციქულთა 74-ე კანონი მე კი არ მეხება, ეხება ეპისკოპოსებს (ერთი ეპისკოპოსის მიერ მეორე ეპისკოპოსის ბრალდებას) და ამჟამად პირდაპირ ესადაგება მცხეთა-თბილისის ეპისკოპოს ილია მეორეს, რომელიც ბრალდებულია მიტროპოლიტ პეტრეს მიერ და მან თავი არ იმართლა საეკლესიო საკრებო სასამართლოზე. აი, საეკლესიო კანონიკის ასეთი უმეცრები არიან მოკალათებულნი საპატრიარქოში. ეს იმიტომ, რომ დიდი სჯულისკანონი ტოტალურად უარყოფილი და დარღვეულია მათ მიერ და მხოლოდ კრიტიკული პოზიციის ჩასახშობად ახსენდებათ და სჭირდებათ ის. სახეზეა ტოტალიტარიზმი და რეპრესიული რეჟიმი საქართველოს საბჭოთა ფორმირების ეკლესიაში, რომელიც სახელად მართლმადიდებლურია, შინაარსით- საბჭოურ-სტალინისტურ-კრემლისტური“ ,- წერს დეკანოზი ჭიღლაძე.

ჭიღლაძე ასევე წერს, რომ საპატრიარქო ცრუობს, როდესაც განცხადებაში წერს, თითქოს 25 ივნისის მათ წერილზე დეკანოზმა არ უპასუხა.

„ვუპასუხე საჯაროდ და მასმედიაშიც გავრცელდა, გეხსომებათ. რაც შეეხება სინანულს, სინანული ყოველ ადამიანს სჭირდება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უკანონო მმართველებს მათი ანტიქრისტიანული, ანტისახარებისეული და ანტიკანონიკური საქმიანობისათვის, რამაც სრულად გახრწნა ჩვენი საპატრიარქო და იერარქია, მრევლის ცნობიერება და სულიერი მდგომარეობა“, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

საუბარია მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებულ საპატრიარქოს წერილზე, რომელშიც ჭიღლაძეს მოსთხოვეს, რომ სინოდის წინაშე წარმდგარიყო. წერილში, რომელსაც ხელს პატრიარქის მოსაყდრე, შიო მუჯირი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ დეკანოზი სინოდის წინაშე თვის ბოლოს, ანუ 30 ივნისს უნდა წარმდგარიყო. დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ, რომელიც საჯარო სივრცეში აქტიურად აკრიტიკებს მართლმადიდებელ სასულიერო პირებსა და მათ ქმედებებს, აღნიშნული წერილი ელექტრონულ ფოსტაზე 29 ივნისს მიიღო.

„კრიტიკისთვის მსჯიან“ – ასე შეაფასა მაშინ მან მიღებული წერილი.

კრიტიკისთვის მსჯიან — დეკანოზი ჭიღლაძე საპატრიარქოში დაიბარეს

 


დეკანოზი ილია ჭიღლაძე ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებს შორის, ვინც საქართველოს საპატრიარქოს შეცდომებსა თუ გადაწყვეტილებებს საჯაროდ აკრიტიკებს.

მაგალითად, მთავარეპისკოპოსი იაკობის ინტერვიუს შემდეგ, სადაც მან თქვა, რომ ივანიშვილის დავალებით „მეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო,“, ჭიღლაძემ შოკის მომგვრელი უწოდა და თქვა: „დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი,“.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ასევე აკრიტიკებდა პანდემიის პირობებში 2020 წელს სააღდგომო წირვების ეკლესიაში ჩატარების გადაწყვეტილებას — „ჭეშმარიტ რწმენა და ღვთისმოსაობა ქვის ტაძრების გარეშეც აღესრულება “, აცხადებდა ის.

“მოწოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ არის ბნელი, შავრაზმული პრიმიტივიზმი, ქვეყნის თალიბანიზაციის ცდა”, – ასე გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე მანამდე მოქალაქეთა, მათ შორის, სასულიერო პირთა განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ.

მსგავსი სიახლეები