საქართველოს სახალხო დამცველმა მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარტია “კონსერვატიული მოძრაობა”, რომელიც საზოგადოებაში “ალტ-ინფოს” პარტიის სახელით არის ცნობილი, გაუქმდება. შესაბამისი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის უფლება თავად ომბუდსმენს არ აქვს, ამიტომ აპირებს სასარჩელე პროექტი შესთავაზოს ამ უფლების მქონე სუბიექტებს.
თბილისის ქუჩებში “ალტ-ინფოსა” და საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებით შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი მასობრივი ძალადობის ერთი წლის თავზე, დღეს, 5 ივლისს, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ “კონსერვატიული მოძრაობის” განცხადებები “შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას”.
“სწორედ ამის გამო ჩვენ მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას. ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში”, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის გაუქმების შესახებ სარჩელის შეტანა შეუძლია. ამ მუხლში ვკითხულობთ:
“საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იხილავს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს”.
რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ უთხრა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის პროექტი გაუგზავნეს პარლამენტის ორ დეპუტატს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.