მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სანავთობო ბაზარზე ფასები შედარებით სტაბილურადაა, ხოლო ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გამყარდა, საწვავის ფასი ქვეყანაში ისევ იზრდება, რაზეც არსებული მონაცემებიც მეტყველებს. გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ყველა ტიპის საწვავზე ფასები გაზრდილია, თუმცა სხვადასხვა პროცენტულობით. საბოლოო ჯამში, ფასების საშუალო თვიური ზრდა 8.7%-ია.
რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს. ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 2.62%- ით გაიზარდა და საშუალოდ 3 ლარი შეადგინა. Super 95-ის ფასი 3.23%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ დაახლოებით, 3,16 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 3.37%-ით გაიზარდა Premium 98 ტიპის ბენზინი და მისი საშუალო ღირებულება ბაზარზე 3,25 ლარი გახდა. ხოლო დიზელის ტიპის საწვავზე ერთ თვეში ფასები მცირედით, 0.87%-ით გაიზარდა და ერთი ლიტრის ღირებულებამ საშუალოდ 2,95 ლარი შეადგინა.
აქვე ყურადსაღებია ისიც, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი ქვეყანაში 33.24%-ით გაიზარდა და საშუალო ფასმა 1,8 ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წლიური ჭრილის სურათი გაცილებით მძიმეა იმდენად, რამდენადაც ფასების დონის პროცენტული ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი და თვალშისაცემია.
ცნობისათვის, დღეისათვის მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავი 70,9 დოლარი ღირს, WTI-ს ტიპის კი 67,3 დოლარი.
BPN