საწვავის ფასებთან დაკავშირებული აქცია „ნაციონალების“ ორგანიზებულია – ღარიბაშვილი :)

დღეს, 27 მარტს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასებზე ისაუბრა. მან საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ საწვავის ფასებთან დაკავშირებით აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს მინდა განუმარტო, რომ ზოგადად ინფლაციას როცა ვახსენებთ, კოვიდ 19-ით გამოწვეული ინფლაციის ფონზე, არაერთ ქვეყანაში გადააჭარბა კი არა, ბოლო ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია.

მაგალითად, აშშ-ში ფასების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე, იგივეა ევროზონაში, თურქეთშიც 19 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ფასების ზრდა და ინფლაცია და ისევე როგორც მთელ მსოფლიოში და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს და ამ ყველაფერს დაემატა ომიც უკრაინაში“, – ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, თებერვალში ინფლაციამ 13.7% შეადგინა, რაც მაღალია. „მაგრამ შედარებისთვის, წინა ხელისუფლებასთან არ მინდა პარალელური გავავლო, მაგრამ მათ პერიოდში, 2011 წლის მაისში იყო 14,3 მეათედი პროცენტი საშუალო წლიური ინფლაცია. წინა ხელისუფლების დროს იყო 6.2 მეათედი, როცა ჩვენი ხელისუფლების პირობებში 4.1 მეათედია საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია“, – თქვა ღარიბაშვილმა.

___

გუშინ თბილისში საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს. 23 მარტის მონაცემებით, საწვავის ფასი 4 ლარზე მეტია – ეს ისტორიული მაქსიმუმია.

მსგავსი სიახლეები