საქართველოში უკრაინიდან და პოლონეთიდან ჯავშნები უკვე გააუქმეს

დღეს საქართველოში უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშაა… უკრაინიდან და პოლონეთიდან ჯავშნები უკვე გააუქმეს – მაია სიდამონიძე

მას შემდეგ, რაც თბილისში პოლონელი ტურისტი დაჭრეს, სასტუმროების მეპატრონეები აცხადებენ, რომ უცხოელი ვიზიტორები მათთან ჯავშნებს აუქმებენ. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მის სასტუმროში ჯავშნები ძირითადად უკრაინიდან და პოლონეთიდან გაუქმდა. მისი თქმით, სამოგზაურო ქვეყნების არჩევისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უსაფრთხოებაა, შესაბამისად, როდესაც მსგავსი ფაქტები ხდება, ეს არა მარტო ქვეყნის იმიჯზე, არამედ, ტურიზმის განვითარებაზეც ნეგატიურად ისახება. მით უფრო, რომ ისედაც პოსტ-პანდემიური ვითარებაა და საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

შე­გახ­სე­ნებთ, 5 ივ­ლისს თბი­ლის­ში პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტი დაჭ­რეს. მა­მა­კაცს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი გულ-მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნეს. პა­ცი­ენტს რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა სტა­ბი­ლუ­რია. შსს-მ მომ­ხდა­რი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა და ერთი პირი და­ა­კა­ვა.

„მინდა დავადასტურო, რომ ჯავშნების გაუქმება ნამდვილად ხდება. ჩემს სასტუმროშიც რამდენიმე ჯავშანი გაუქმდა. ისედაც ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან და ნაკლებად, დასავლეთიდან, რადგან ჯერჯერობით მწვანე ზონაში არ ვართ. ბოლო პერიოდში უკრაინა იყო გააქტიურებული, ასევე პოლონეთი და სწორედ ამ ქვეყნებიდან იყო ძირითადი გაუქმება.

რაც შეეხება ზოგადად ფაქტს, ეს რა თქმა უნდა, ნეგატიურად ისახება ქვეყნის უსაფრთხოების იმიჯზე, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად, სწორედ ეს კრიტერიუმია. დღეს საქართველოში უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშაა. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, არის ეპიდ-სიტუაცია და მეორე, სწორედ ეს შემთხვევა, რაც პრინციპში, პირველად არ ხდება. ამ ეტაპზე ეს მოკლევადიან ეფექტში ახდენს ნეგატიურ გავლენას, მაგრამ თუ მსგავსი პრეცენდენტები გაგრძელდა, უკვე გრძელვადიანში ექნება შესაბამისი შედეგი“,- ამბობს მაია სიდამონიძე.

BPN

მსგავსი სიახლეები