დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი, ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა:
„რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევდით. უმრავლესობაში, როგორც სპეციფიკური პისიარით ისე სეკვენირებით, რომ ისინი იყო დელტა და დელტა + და ორ შემთხვევაში ჩვენ დავადასტურეთ ომიკრონის არსებობა. რამდენიმეჯერ იქნა ეს გადამოწმებული და ორივე შემთხვევაში დადასტურდა ომიკრონი.
ორივე შემთხვევა გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც აქვთ მოგზაურობის ისტორია. ერთს აშშ-ში, მეორეს- დუბაიში. მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ამ ორი პაციენტის მდგომარეობა დღევანდელი დღისთვის სრულად დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მსუბუქად და არიან იზოლირებული თავიანთ საცხოვრებელში“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ჯანმოს თანახმად, “ომიკრონის”(B.1.1.529) შტამი თავდაპირველად 9 ნოემბერს შეგროვილ ნიმუშებს შორის გამოავლინეს. მიმდინარე კვირაში ახალი შტამი ამავე ორგანიზაციის მიერ შეფასდა ვარიანტად, რომელიც შეშფოთების საფუძველს იძლევა.
ყველაზე პრობლემური დეტალი, რომელმაც მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო, შტამში არსებული მუტაციების რაოდენობაა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეპიდემიოლოგიურ უწყებაში ამბობენ, რომ ახალ ვარიანტში, მთლიანობაში, დაფიქსირდა 50 მუტაცია, მათგან 30 – “საცეც ცილაზე”.
საცეცი ცილა (spike protein) ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომლებიც კორონავირუსის გარსს ფარავენ. მას წაწვეტებული ფორმა აქვს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ საცეცი ცილის მეშვეობით აღწევს.
საცეც ცილაში მომხდარ მუტაციას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ვირუსის გავრცელებისა და უჯრედის დაინფიცირების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამასთანავე, იმუნურ სისტემას ურთულებს ვირუსზე შეწინააღმდეგების შესაძლებლობას.
პირველადი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ “ომიკრონი” ადამიანის რეინფიცირების უფრო მაღალ რისკს შეიცავს. კითხვები ისმის იმის შესახებაც, რამდენად იმოქმედებს ახალი შტამი არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე.