საქართველოში ამინდის პროგნოზის სისტემა გაუმჯობესდება. ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომაზე კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“.
კერძოდ, საკითხი ეხება ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრში საქართველოს გაწევრიანებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კომიტეტს განუმარტა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიური პროცესების წინასწარი და უკეთესი პროგნოზირება, რათა დროული და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს მოსახლეობამ და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას ასეთი პროცესების პრევენციისთვის.