ჟურნალისტის, ვახო სანაიას განცხადებით, მასზე თავდასხმაში ბრალდებულების გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან, მისი შეფასებით, სასამართლოს “ქართული ოცნება” მართავს, მათ კი დამნაშავეების დასჯა პირადი ინტერესების გამო არ სურდათ.
როგორც სანაია ამბობს, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებები ქმნის საქართველოში დაუსჯელობის სინდრომს, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც 5 ივლისის მოვლენებია. ამის შესახებ სანაიამ სასამართლოს დასრულების შემდეგ ტელეკომპანია “ფორმულასთან” ისაუბრა.
ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის ბრალდებულ 3 პირს — გიორგი სახელაშვილს, ვაჟა გიგაურსა და სულიკო საყევარაშვილს — 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს, 25 აგვისტოს დატოვებენ. აღნიშული პირები მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იყვნენ, რაც სასჯელის მოხდად ჩაეთვალათ.
“რასაც ჩვენ ვამბობდით სრულად გამართლდა. ივლისში შეეძლო [მოსამართლეს] გადაწყვეტილების გამოცხადება და 6 თვე, აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელა იმიტომ, რომ 25-ში [დღეს] 6 თვე გასულიყო და სწორედ 6 თვე მიუსაჯა. დამნაშავედ სცნო, მაგრამ გაათავისუფლა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს.
მოსამართლე რომელმაც სპეციალურად მიიყვანა აქამდე საქმე, ჟურნალისტზე თავდასხმის საქმე, ჩვენს ოჯახზე [თავდასხმის საქმე] და ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამ დაუსჯელობის სინდრომმა მოიყვანა 5 ივლისი და ჩვენი კოლეგის მკვლელობა. ასე რომ, ამ სასამართლოსგან რას უნდა ელოდო საერთოდ? ხელისუფლებამ დღეს რომ გამოუშვა ეს დამნაშავეები, ეს იქნება მაგალითი და გადამდები სხვებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს დაუსჯელობის სინდრომი”, — თქვა ვახო სანაიამ.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს სანაია, გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პროკურატურა და სასამართლო ერთი სისტემაა და შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, გაასაჩივრებს თუ არა:
“მთელი ამბავი არის ის, რომ ამ ერთმა, ერთიანმა სისტემა და “ქართულმა ოცნებამ” ეს ხალხი, მოძალადეების გამოუშვა გარეთ”, — განაცხადა სანაიამ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სულიკო საყევარაშვილს დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით; ვაჟა გიგაურს დამატებითი სასჯელის სახით ასევე შეეფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და 2 500-ლარიანი ჯარიმა;
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა.
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს მაშინ დაესხნენ, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სანაიაზე თავდამსხმელები მალევე დააკავეს და ისინი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ, რაც სასჯელის მოხდად ჩაეთვალათ.
თავად სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.