“სამართლიანობის აღდგენა“ რიცხვებში: რამდენი მილიონის ქონება დაუბრუნდა მესაკუთრეებს?

2015 წელს საქართველოს პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, თუმცა აღნიშნული უწყება უფლებამოსილია, მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დაბრუნების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, “ქართული ოცნების” სამართლიანობის აღდგენის დაპირება, ბიზნესების ნაწილისთვის დღემდე დაპირებად რჩება. 

პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე, დაზარალებულად ცნობილი იქნა 438 პირი, რომელთაგან 313-ს დაუბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია, დაახლოებით, 59 560 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.

“სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ორიენტირებულია გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი ენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა – ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება”, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2021 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად ცნობილი იქნა 438 პირი, რომელთაგან 313 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია, დაახლოებით, 59 560 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება, მათ შორის მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი ბინები, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, სამედიცინო კომპლექსი, სასტუმრო და საცურაო კომპლექსი, “აკურას” ღვინის ქარხანა, ფიროსმანის ფერწერული 2 ტილო, ოქროს ნაკეთობები და ა.შ.

„2016 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილება გახდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი, რომლის საფუძველზე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 109 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, მათგან 30 ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს. 2021 წლის მონაცემებით, 90 პირის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო დანარჩენ მსჯავრდებულებზე გრძელდება საქმის განხილვა“, – აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ 2021 წელს გამოვლენილი იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 21 ფაქტი და დაზარალებულად ცნობილი იქნა 46 პირი.

ბაკურ აბულაძის განცხადებით, 2021 წელს დაბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია 4 060 270 ლარის ოდენობის უძრავ-მოძრავი ქონება.

„ამავე პერიოდში საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 20 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, რომელთაგან 12 პირი ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს. ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი 25 პირის მიმართ“, – აღნიშნა მან.

ბაკურ აბულაძის თქმით, 2021 წლის მონაცემით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის წარმოებაში იყო 489 სისხლის სამართლის საქმე.

როგორც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანია, გამოიძიოს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ.

bm.ge

მსგავსი სიახლეები