საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი სოლიდარობას უცხადებენ კოლეგა მოსამართლეებს, რომლებმაც მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ ელჩების კრიტიკას გაემიჯნენ.
“ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსამართლის უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია თავისუფლად და საჯაროდ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წვლილი განუზომელია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისკენ მის სწაფვაში. ისინი მუდამ მხარში უდგანან საქართველოს მოქალაქეებს სწორედ იმ ღირებულებების განხორციელებაში, რომლებიც წარმოადგენს ჩვენს ბუნებრივ მისწრაფებას სამართლიანობისკენ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისკენ, რითაც ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი”, — ნათქვამია ნინო ბაქაქურისა და ეკატერინე გასიტაშვილის ერთობლივ განცხადებაში.
აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას რიგი მოსამართლეები ემიჯნებიან. ისინი პოზიციას, ძირითადად, ფეისბუკზე, პოსტებისა და კომენტარების სახით აფიქსირებენ.
საუბარია 4 ნოემბრის განცხადებაზე, რომელშიც “გადაჭარბებულად” არის შეფასებული ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო. კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა საელჩოებს „ვენის კონვენციის პატივისცემისკენ“ მიუთითა.