რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა რუსულ გამოცემა „რასისკაია გაზეტასთან“ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წევრს ბრალი წარუდგინა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სამხედრო დანაშაულისთვის. მისივე თქმით, ამ დროისთვის რუსეთს აღძრული აქვს 1300-ზე მეტი საქმე.
გარდა აღნიშნული 92 პირისა, რომლებიც უკვე იძებნებიან, ბასტრიკინის თქმით, კიდევ 96 პირი – მათ შორის 51 შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელია ძებნაში.
ბასტრიკინმა „რასისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ეჭვმიტანილი დაქირავებული მებრძოლების წინააღმდეგ საქართველოდან, გაერთიანებული სამეფოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადასა და ნიდერლანდებიდან.
იმ ბრიტანელი მებრძოლების ოჯახები, რომელთა ახლობლებსაც რუსეთი დაქირავებულ ბრძოლაში სდებს ბრალს, აცხადებენ, რომ ისინი წლებია უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრები არიან და ისინი უნდა გაასამართლონ, როგორც ომის ტყვეების – საერთაშორისო სამართლის მიხედვით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში წასულ ქართველ მებრძოლებს „დაქირავებული მოხალისეები“ უწოდა.
უკრაინელები მონაწილეობდნენ „კაცობრიობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში“, – ციტირებს BBC რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, რომელმაც „რასისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ასევე გამოთქვა ინიციატივა უკრაინელი სამხედროები, ირანის, სირიისა და ბოლივიის შემადგენლობით შექმნილ საერთაშორისო ტრიბუნალზე გაასამართლონ. მას ჰკითხეს, თუა შესაძლებელი, რომ სასამართლო განხილვა გაეროს ეგიდით მოეწყოს, რაზე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ დასავლეთი ღიად აფინანსებს „უკრაინულ ნაციონალიზმს“ და მსგავსი რამ „უკიდურესად საეჭვოა“. ხოლო მის მიერ შემოთავაზებულ ქვეყნებს [ირანი, სირია, ბოლივია] აქვთ „დამოუკიდებელი პოზიცია უკრაინის საკითხზე“.
ირანმა და სირიამ მარტში, გაეროს მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობის რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ბოლივიამ თავი შეიკავა.
ბასტრიკინის თქმით, გამოძიება ასევე მიმდინარეობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ. მან მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ სამინისტროს თანამშრომლები ქმნიან მასობრივი განადგურების იარაღს.
თავის მხრივ უკრაინა აცხადებს, რომ აწარმოებს ომის დანაშაულების გამოძიებას. უკრაინამ რუსეთს გაეროს საერთაშორისო სასამართლოშიც უჩივლა. მარტში, 38-მა ქვეყანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა. ივლისში, ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ გააკეთა განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის შესახებ.
7 ივლისს, უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ იძიებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ჩადენილ 21 000 სავარაუდო ომის დანაშაულს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) უკრაინას „დანაშაულის სცენა“ უწოდა და ასევე გაგზავნა გამომძიებლებისა და სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფი.
კრემლი უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას და აცხადებს, რომ უკრაინა თავად ანადგურებს საკუთარ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას.
კრემლის ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები და სადაზვერვო სამსახურები.