თბილისის მერია ამ ეტაპზე ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას ახორციელებს, თუმცა აღნიშნული გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად ჯერ კიდევ 2020 წელს ვაჟა-ფშაველასა და წერეთლის გამზირების რეაბილიტაციაც იყო დაგეგმილი. თუმცა BM.GE-თან თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ მანამ სანამ ქეთევან წამებულისა და მელიქიშვილის გამზირების რეაბილიტაცია არ დასრულდება, ახალი გამზირების განახლება ვერ დაიწყება.
მისივე თქმით, რამდენიმე გამზირის რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსები დღეს მუნიციპალიტეტს არ აქვს.
“პარალელურად ქალაქში რამდენიმე გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია შეუძლებელია, რადგან სატრანსპორტო კოლაფსს მივიღებთ. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ტენდერი იყო გამოცხადებული წერეთლის გამზირი იყო, თუმცა პანდემიის გამო შევაჩერეთ. შესაბამისად, როგორი ფინანსური საშუალებაც გვექნება, ამის მიხედვით დავგეგმავთ ამ გამზირის რეაბილიტაციას. თუმცა დღესაც, რომ გვქონოდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა, ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციის გამო ვერ დავიწყებდით. პირველ ეტაპზე მინიმუმ ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს, რომ სხვა გამზირის რეაბილიტაცია დავიწყოთ”, – აცხადებს ირაკლი ბენდელიანი.
ცნობისთვის, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2020 წლის მაისში გამოცხადდა, თუმცა პანდემიის გამო მერიამ სახელმწიფო შესყიდვა გააჩერა და კონტრაქტორთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა.
ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია კი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, ხოლო მისი რეაბილიტაციის სრულად დასრულება 8 თვეში იგეგმება.