როგორ გააშუქა 14 ოქტომბრის აქცია საერთაშორისო მედიამ

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში გამართული აქცია საერთაშორისო მედიასაშუალებებმა გააშუქეს. გამოცემები საუბრობენ როგორც აქციის მონაწილეების განწყობასა და რაოდენობაზე, ისე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე.

“ხუთშაბათს ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა დედაქალაქ თბილისში, რათა მოეთხოვა დაპატიმრებული ექსპრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”,— წერს სააგენტო France 24.

სააგენტო ეყრდნობა ასევე ფრანგული AFP-ს(Agence France-Presse) კორესპონდენტს, რომლის გადმოცემითაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა 50 000-ს აჭარბებდა. მოგვიანებით AFP-მა დააზუსტა, რომ მათი კორესპონდენტის გაანგარიშებით მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 60 ათასი იყო.

“ქარიზმატული პროდასავლელი რეფორმატორი 2018 წელს დაუსწრებლად გაასამართლეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის უარყოფს დანაშაულს”, — ვკითხულობთ სტატიაში.

აქცია თბილისში სააკაშვილის მხარდასაჭერად. 14.10.21 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

France Press აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დაკავებამ გააღრმავა “გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში”, სადაც ოპოზიციური პარტიები ფართომასშტაბიან გაყალბებაზე საუბრობენ 2020 წლის არჩევნებთან მიმართებით.

ნახსენებია დასავლეთის “შეშფოთებაც” “სააკაშვილისა და მისი მრავალი მოკავშირის დევნის გამო დღევანდელი მთავრობის მიერ”.

თბილისში გამართული დემონსტრაცია ასევე გააშუქა Associated Press-მა. სააგენტოს შეფასებით, აქციაზე დაახლოებით 30 000 ადამიანი იდგა, რითაც “ხაზი გაესვა დაძაბულობას მერების არჩევნების მეორე ტურამდე საქართველოს 6 დიდ ქალაქში”.

“ოპოზიციური “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააარსა, ფიქრობს, რომ მას აქვს დიდი შანსი, მოიგოს ეს კენჭისყრები და გააძლიეროს თავისი პოზიცია მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ”, — წერს სააგენტო.

მასალაში ხაზგასმულია, რომ სააკაშვილს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ედავებიან და მის წინააღმდეგ სხვა საქმეებიც არის აღძრული:

“მან თქვა, რომ გარისკა თავისი დაბრუნებით, რათა ხელი შეუწყოს ოპოზიციის გაძლიერებას”.

საქართველოს დედაქალაქში განვითარებულ პროცესებს ვრცელი მასალა მიუძღვნა კატარული ტელეკომპანიის, Al-Jazeera ინგლისურენოვანმა გამოცემამ. დემონსტრანტთა რაოდენობის ნაწილში ის AFP-ს კორესპონდენტის მონაცემს ეყრდნობა.

“საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის პროდასავლურ გზას და გახდეს დემოკრატიის, რეფორმებისა და განვითარების შუქურა”, — ციტირებს ტელეკომპანია სააკაშვილის მიმართვის ნაწყვეტს.

ენმ-ის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სიტყვით მიმართავს აქციის მონაწილეებს. 14.10.21 ფოტო: ნეტგაზეთ/ნინო ჩიჩუა

Al-Jazeera ციტირებს, ერთი მხრივ, სააკაშვილის ადვოკატს, რომელიც ამბობს, რომ მოშიმშილე ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა, მეორე მხრივ კი — საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომლის სიტყვებითაც სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკური სპექტაკლია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე.

ტელეკომპანიამ აზრი ჰკითხა ექსპერტებსაც, რომელთა ნაწილიც აღნიშნავს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება უდროო იყო.

“ყველამ იცის, რომ ის ძალაუფლების მოყვარულია და მე ვფიქრობ, რომ ეს აშინებს ზოგიერთ ამომრჩეველს, მხარი დაუჭიროს მას”, — უთხრა Al-Jazeera-ს პოლიტოლოგმა  კორნელი კაკაჩიამ.

14 ოქტომბრის დემონსტრაცია სხვა ევროპული გამოცემების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ესპანური ონლაინ გაზეთი elDiario შედარებით ვრცლად აღწერს სააკაშვილის წინააღმდეგ გახსნილ საქმეებს და ციტირებს ენმ-ის წევრს, ზაალ უდუმაშვილს, რომლის თქმითაც სააკაშვილი “პოლიტპატიმარია”.

გერმანული გამოცემა Tagesschau, სხვა რამდენიმე მედიასაშუალების მსგავსად, AFP-ს ეყრდნობა დემონსტრანტთა რაოდენობის შეფასებისას. ახალი ამბების სააგენტო ასევე ახსენებს დარღვევებს, რომლებზეც ეუთო საუბრობს თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შეფასებისას.

“ეუთოს დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს ფართომასშტაბიან ბრალდებებზე ხმის მიყიდვისა და დაშინების შესახებ პირველი ტურის შემდეგ. ოპოზიციამ დაგმო მასიური გაყალბება”, — წერს სააგენტო.

რა ხდება?

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია 14 ოქტომბრის საღამოს დაიწყო.

დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. საპყრობილეში გადაყვანიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ იგი შიმშილობს.

მესამე პრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

თავად სააკაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

გუშინ, 13 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ექიმთა ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას, ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში, დააკვირდება.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები