რა ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე? – ხელისუფლებამ 1 ლარად გადასცა 89 ჰექტარი ზღვა კომპანიას, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ბათუმში კუნძულის აშენებას გეგმავს. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სპეციალურად ჩამოვიდა ბათუმში ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. მანვე თქვა, რომ პროექტი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ კი გაავრცელა ვიდეო ესკიზი იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორი იქნება კუნძული ბათუმში.
კომპანია, რომელსაც მთავრობამ არჩევნებამდე სამი დღით ადრე ზღვა გადასცა, ამბობს, რომ კვლევებს ატარებს. კომპანია ვერ ასახელებს რიცხვს – რა თანხა დასჭირდება კუნძულის მოწყობას?
ხელოვნური კუნძულის პრაქტიკა მსოფლიოში უკვე არსებობს და ცნობილია, რომ ეს მილიარდობით ამერიკული დოლარი ჯდება. მაგალითად, დუბაიში მხოლოდ კუნძულების მოწყობა, სასტუმროების და ტურისტული ინფრასტრუქტურის გარეშე, 12 მილიარდი დოლარი დაჯდა. ბათუმში კი, ეკონომიკის მინისტრმა კუნძულებზე საუბრის დროს თქვა, რომ ინვესტიცია „სულ ცოტა 100 მილიონი დოლარი იქნება.“
100 მილიონი ამერიკული დოლარი რიგ შემთხვევებში ძალიან დიდი ფულია და მასშტაბური პროექტების განხორციელებაც შეიძლება. თუმცა ამ შემთხვევაში, როცა საქმე ხელოვნური კუნძულის მოწყობას ეხება, იმდენად მცირეა, რომ ბუნებრივად აჩენს ეჭვს: ხომ არ სცადა მთავრობამ ამომრჩევლის გულის მოგებას წინასაარჩევნოდ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კუნძულების მოწყობას მილიარდები სჭირდება, ხოლო 100 მილიონი ვერაფერს შეცვლის.
მარტივად რომ წარმოვიდგინოთ: ბათუმის სანაპიროზე „პორტა თაუერის“ შენობა ხომ გახსოვთ, ეშმაკის ბორბალთან ახლოს – ეს 70 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა, ხოლო იუსტიციის სახლის გვერდით რომ 72-სართულიანი თაუერი უნდა აშენდეს, მისი ოფიციალური ღირებულება – 150 მილიონი ამერიკული დოლარია, ანუ 50 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე ნათია თურნავას წარმოუდგენია კუნძულის მოწყობა თავის ინფრასტრუქტურიანად და 500-ნომრიან სასტუმროიანად. „რივიერა ბათუმი“ კი ამბობს, რომ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს სანაპირზე და ინვესტიციის ღირებულება 300 მილიონი დოლარი იქნება.
კომპანიამ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 28 სექტემბერს მთავრობასთან ერთად წარმოადგინა კუნძულების პროექტის ვიდეო ესკიზი, სადაც ჩანს, რომ ერთ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულზე მინიმუმ 100-ზე მეტი ვილა და 500-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა იგეგმება.
ოფიციალურ ხელშეკრულებაშიც ჩავიხედოთ, რაც კუნძულის მომწყობმა კომპანიამ სახელმწიფოსთან გააფორმა:
„…უკვე შექმნილი ნახევარკუნძულების განვითარება მოიცავს: არანაკლებ 500-ნომრიანი სასტუმროს, სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების, ზღვისპირა ბულვარის, საზოგადოებრივი პლაჟების, აკვაპარკების, იახტკლუბის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას,“ – წერია ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანიამ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ეკონომიკის სამინისტროსთან გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიისთვის ზღვაში გადაცემული 89 ჰექტარზე მოეწყობა ერთი კუნძული, რომელიც არანაკლებ 5 ჰექტარი იქნება და ორი ნახევარკუნძული [12 ჰექტარი და 15 ჰექტარი]
კიდევ რამდენიმე სასტუმროს მშენებლობას გაგახსენებთ, რომ წარმოვიდგინოთ, რისთვის შეიძლება იყოს საკმარისი 100 მილიონი ამერიკული დოლარი.
მაგალითად, ბათუმის დელფინარიუმთან ახლოს 54-სართულიანი კომპლექსის მშენებლობისთვის კომპანია „ალიანსი პრივილიჯი“ 80 მილიონ დოლარს ხარჯავს.
„ალიანსი პალასმა“ კი, 45 მილიონ დოლარი დახარჯა იმ კომპლექსის მშენებლობისთვის იუსტიციის სახლთან ახლოს, რომელიც ყველას ფორმის შესაბამისი უხერხული ასოციაციებით დაგვამახსოვრდა.
50 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა „რეკან გრუპ ჯორჯიამ“, რომელსაც ზღვის სანაპიროდან 20 მეტრის დაშორებით მისცეს მრავალფუნქციური კომპლექსის აშენების უფლება.
რის გაკეთება წარმოუდგენია 100 მილიონ ამერიკულ დოლარად კომპანიას, რომელსაც 89 ჰექტარი ზღვა გადასცეს ბათუმში 1 ლარად კუნძულის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად?
„არანაკლებ 100 მილიონი დოლარი არის მინიმუმი, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს უნდა შესრულდეს გადაჭარბებით, რადგან ეს მიმართულებები ბევრად უფრო დიდ პორტფელს მოიცავს. ეს არის მინიმუმი იმისა, რომ ვალდებულება შესრულებულად ჩათვალოს სახელმწიფომ.
ხომ არ შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობის საინვესტიციო ვალდებულება აიღოს ინვესტორმა სახელმწიფოს წინაშე?“ – კითხულობს გოჩა კამკია, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტი. ის აქცენტს აკეთებს ხელშეკრულების ჩანაწერზე „არანაკლები“. თუმცა ვერ გვიკონკრეტებს, დაახლოებით მაინც რა რაოდენობის თანხით წარმოუდგენია კომპანიას კუნძულის მოწყობა ბათუმში.
„ზედმეტი კონკრეტისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ… ეს არის კომერციული საიდუმლოება,“ – აღნიშნა გოჩა კამკიამ „ბათუმელებთან“.
მაგალითად, დუბაის კუნძულები ჯამში 572 ჰექტარზეა გაშენებული. საერთაშორისო მედიის ცნობით, ვიდრე იქ კერძო მესაკუთრეები გამოჩნდებოდნენ, ვილების და სასტუმროების აშენების სურვილით, მხოლოდ კუნძულების მოსაწყობად სახელმწიფომ 12 მილიარდი დოლარი დახარჯა. ბუნებრივია, ბათუმის კუნძული მასშტაბით და 100-მილიონიანი საინვესტიციო განაცხადით ბევრად მოკრძალებული ჩანს, ვიდრე დუბაის კუნძულები, მაგრამ მარტივი არითმეტიკაა ესეც – ერთ მილიარდში ათასი მილიონია.
მედიის ინფორმაციით, დუბაიში პალმის კუნძულების მოწყობაზე საუბარი 2001 წელს დაიწყო, კუნძულები კი, პრაქტიკულად 2003 – 2008 წლებში ააშენა. ამისთვის 120 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა გახდა საჭირო, რომელიც ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს, ასევე 7 მილიონი ტონა კლდე ომანიდან, ჰაჯარის მთებიდან ჩაიტანეს.
„ბათუმელებთან“ საუბრის დროს ამ დეტალზე სცადა ყურადღების შეჩერება „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ წარმომადგენელმაც.
„გაითვალისწინეთ, რომ დუბაიში სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება მესამე ქვეყნიდან ხდებოდა, ქვაც არ ჰქონდათ და ომანიდან ჩამოჰქონდათ, აქ ეს პრობლემა არ იქნება ამ სიშორიდან მასალის მოტანა…“ – გვითხრა გოჩა კამკიამ, რომელსაც შევახსენეთ, რომ ბათუმის სანაპირო ცნობილია თავისი სიღრმით – შედიხარ თუ არა წყალში, ღრმავდება, ხოლო დუბაის სანაპიროს იგივე პრობლემა არ ჰქონდა.
„იურისტმა და ჟურნალისტმა ამ საკითხზე რომ არ ვიმკითხაოთ, ამ საკითხზე სპეციალისტებს ვენდოთ,“ – გვიპასუხა გოჩა კამკიამ. თუმცა ამ ეტაპზე მან ვერ დაგვალაპარაკა ვინმეს კომპანიაში, რომელიც კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ თუნდაც წინასწარ მონაცემებს გაგვიზიარებდა.
რა შეიძლება მოეწყოს 100 მილიონ დოლარად, როცა დუბაის კუნძულები ყოველგვარი შენობის გარეშე 12 მილიარდი დოლარი დაჯდა? – ისევ ვცადეთ მეტ დეტალზე ინფორმაციის მიღება „ამბასადორი ბათუმი აილენდისგან“.
„ვფიქრობ, სხვის ანალოგიებზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს არის ინდივიდუალური კონცეფცია და პროექტი, მოდით, ინდივიდუალურ სპეციალისტებს ვენდოთ და არ არის მიზანშეწონილი უკვე განხორციელებულ პროექტებთან ანალოგიების გავლება,“ – აღნიშნა გოჩა კამკიამ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბათიმეტრიული კვლევები უკვე დასრულდა და სხვა სახის კვლევებს იწყებენ.
„მთლიან ტერიტორიაზე ბათიმეტრიული სამუშაოები განხორციელდა, ანუ ზღვის ფსკერი შეისწავლეს და პოზიტიური დასკვნები მივიღეთ… პირველ ეტაპზე ჩვენ ვატარებთ კვლევებს, დეტალებზე შემდეგ ვისაუბროთ,“ – დასძინა გოჩა კამკიამ „ბათუმელებთან“.
————————–
ბათუმში ხელოვნურ კუნძულს კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აპირებს. 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია ბათუმში, რომელიც ამ კომპანიას გადასცეს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედაა.
კომპანია თავისი მფლობელებით პირდაპირ დაკავშირებულია კომპანიასთან „ამბასადორი ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში 16 სართულიან კორპუსს უკანონოდ დააშენა ერთი სართული. ის ამ დრომდე უკანონო სამუშაოებისთვის არავის დაუჯარიმებია.
შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში ოფშორში დააფუძნა ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ – Property Assets Investment-მა და 82 პროცენტის მფლობელია. კომპანიის 18 პროცენტს კი შპს „ბათუმი აილენდ“ ფლობს, რომლის 100 პროცენტის მფლობელიც ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა.