საქართველოში მოქმედი ღამის კლუბები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა — ჯერ დაპირდა მუშაობის უფლების მიცემას, შემდეგ კი მათთვის მოულოდნელად ნებართვაზე უარი უთხრა.
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები უკვე 22 თვეა, მუშაობის უფლების მიღებას ელოდებიან, მაგრამ უშედეგოდ.
ბოლო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ 22 დეკემბერს გამოაცხადა. კლუბებისთვის მუშაობის უფლების არმიცემა საქართველოში ომიკრონის შტამის გავრცელებით ახსნა და თქვა, რომ ამ მიზეზით მსოფლიოში ის კლუბებიც იკეტებიან, რომლებმაც პანდემიის პერიოდში მუშაობა განაახლეს.
ეს განცხადება საკლუბო სცენის წარმომადგენლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან, როგორც თავად ამბობენ, სახელმწიფო უწყებებთან მოლაპარაკების პროცესში მათ გახსნის პირობა არაერთხელ მიიღეს, მათ შორის, 21 დეკემბერსაც, ანუ საკოორდინაციო საბჭოს წინა დღეს შრომის ინსპექციამ მათ უთხრა, რომ კლუბების გახსნას “ყველა მხარს უჭერდა”.
კლუბებთან გახსნაზე მოლაპრაკებებს რუსთავი 2-თან ინტერვიუში ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. მისი თქმით, გახსნის პირობა მთავრობას კლუბებისთვის არ მიუცია, თუმცა ისინი კლუბებთან მიმდინარე წლის დეკემბერში ნამდვილად მუშაობდნენ გახსნის პირობებზე, მაგრამ „გამოჩნდა ომიკრონი“.
“ნეტგაზეთი” ამ სექტორის რამდენიმე წარმომადგენელს ესაუბრა. ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის გაერთიანების act4culture-ის ხელმძღვანელი, ასევე კლუბების — “ხიდი” და “მტკვარზე” — წარმომადგენლები ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობენ, რომ სახელმწიფომ ისინი მოატყუა, ახლა კი დასაკარგი აღარაფერი აქვთ.
კლუბებმა გასართობი ღონისძიებები ჯერ 17 დეკემბერს დაანონსეს, შემდეგ კი 23 დეკემბრისთვის გადადეს. 23 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბების ნაწილი დალუქა, ღამის კლუბ “ბასიანში” მისულებს კი კარები არ გაუღეს, იქვე იყვნენ შეკრებილები ადამიანები, რომლებსაც გასართობ ღონისძიებაზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი.
შრომის ინსპექციამ 23 დეკემბრის ღამეს “ბასიანი” 10 ათასი ლარით დააჯარიმა და თქვა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება კლუბის დალუქვის შესახებ. სახელმწიფო უწყებამ კლუბის წარმომადგენლებს შენობიდან საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის გამოსატანად “გონივრული ვადა” მისცა.
რატომ თვლიან კლუბები თავს მოტყუებულად
სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის გაერთიანების act4culture-ის ხელმძღვანელი დავით ლეჟავა აწარმოებდა. როგორც თავად ამბობს, ეს “უფრო სიღრმისეული თანამშრომლობა იყო, ვიდრე მოლაპარეკები”, რაც საპილოტე ღონისძიებების ჩატარებასა და ორივე მხარის პოზიციების შეჯერებაში გამოიხატებოდა.
როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, სწორედ ამ “სიღრმისეული თანამშრომლობის” გამო კლუბები პროტესტის ფორმას არ მიმართავდნენ და ცდილობნდნენ, მაქსიმალურად ეთანამშრომლათ სახელმწიფო უწყებებთან, რათა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავებისთვის არ შეეწყოთ ხელი. თუმცა მათთვის თითოეული გადავადებული პარასკევი და შაბათი გაკოტრებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო.
საქართველოში დაკეტილი კლუბების პარალელურად კი უცხოეთში, რამდენიმე ქალაქში მაღალბიუჯეტიანი კვლევები ჩატარდა, რომლის საფუძველზეც ამ ქვეყნებმა კლუბების მაქსიმალურად უსაფრთხოდ გახსნის პროტოკოლი შეიმუშავეს.
დავით ლეჟავას განცხადებით, act4culture-მა ივნისში ბარსელონაში, ამსეტრდამში, ბერლინსა და ლივერპულში ჩატარებული კვლევები სიღმისეულად შეისწავლა და მათზე დაყრდნობით შეიმუშავა ქართული მეთოდიკა, თუ როგორ უნდა ემუშავა კლუბებს ისე, რომ კოროვირუსის გავრცელების რისკებისგან მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო. ამის შემდეგ კი რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მიმართეს და “სიღრმისეული თანამშრომლობაც” დაიწყო, რომელშიც ჩაერთვნენ ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერია, ჯანდაცვის სამინისტრო და შრომის ინსპექცია.
ლეჟავას თქმით, პირველი საპილოტე ღონისძიება სახელმწიფოს მხარდაჭერით ზაფხულში, ღია სივრცეში ჩატარდა და მას 750 ადამიანი ესწრებოდა. ღონისძიების შემდეგ კვლევით დადგინდა, რომ ვირუსის გავრცელების 1.7%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ლეჟავას განმარტებით, იმ დღეს კორონავირუსის დადებით შემთხვევებზე 12-ჯერ ნაკლები იყო.
შემდეგი ღონისძიება, კვლავ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით 8 ოქტომბერს ჩატარდა. ღონისძიებას 1 500 ადამიანი ესწრებოდა. წინა ღონისძიებასთან შედარებით კი წესები უფრო გამკაცრებული იყო.
მაგალითად, 8 ოქტომბრის ღონისძიებაზე გაუქმდა სწრაფი ტესტის პასუხებით დაშვება, ხოლო 72-საათიანი PCR ტესტის პასუხები 48 საათამდე შემცირდა.
ღონისძიების შედეგად 1 500-იან კვლევით პოპულაციაში კორონავირუსის გავრცელების 0.55%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც იმ დღეს კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევებზე 14-ჯერ ნაკლები იყო.
როგორც ლეჟავა ამბობს, აღნიშნულ კვლევაში ჩართულები იყვნენ ვირუსოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც. კვლევის შედეგები კი ორგანიზაციამ კვლავ მთავრობას წარუდგინა.
“ჩვენ ვამბობდით, რომ შესაძლებელია უსაფრთხო გახსნა და პროტოკოლის შემუშავება, რომლითაც მხოლოდ ის კლუბები უნდა გახსნილიყო, ვინც ამ პროტოკოლს დააკმაყოფილებდა. ამაზე გვქონდა თანხმობა [სახელმწიფო სტრუქტურებთან]”, — განუცხადა ლეჟავამ ნეტგაზეთს.
ნოემბერში კი მთავრობამ დაანონსა, რომ 1 დეკემბრიდან რეგულაციები სხვადასხვა სექტორისთვის შემსუბუქდებოდა, თუმცა ამ ჩამონათვალში ღამის კლუბები ვერ მოხვდნენ.
ლეჟავას თქმით, ამ განცხადების შემდეგ ის კვლევის თანამონაწილე მთავრობის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მათაც მიეცემოდათ.
“მითხრეს, ახლა ვიწყებთ მუშაობას, შეხვედრები დავგეგმოთ და პროტოკოლი დავასრულოთო.
შემდეგი შეხვედრა 2-3 დეკემბერს უნდა შემდგარიყო, რომ 7 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოზე გასულიყო უკვე ჩვენი საკითხი. ამასობაში ჩვენ დავიწყეთ პროტოკოლზე მუშაობა, გავმართეთ შეხვედრები, მაგრამ 7 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭო არ შედგა.
8 დეკემბერს შევხვდით ჯანდაცვას და შრომის უსაფრთხოებას და ვუთხარით, რომ გვინდოდა თარიღის აღება, რაზე გვექნებოდა სწორება და ავიღეთ 17-18 დეკემბრის ვიქენდი. ამაზე თავი დაგვიქნიეს. მივიღეთ თანხმობა, რომ ვემზადებოდით 17-18 დეკემბრის ვიქენდისთვის…
…ამ თანხმობით ყველა წავიდა, მოიზიდა დამატებითი თანხები, დამატებითი ფული, ზოგმა მანქანა გაყიდა…
მანამდე სახელმწიფოსთან ერთად ვატარეთ ეს კვლევები. პროექტები მერიის ფინანსური მხადაჭერით ჩატარდა. ეს [უარი] წარმოუდგენელი იყო. ჩვენ გვჯეროდა, რომ მოწადინება იყო ჩვენ გახსნაზე”, – განმარტავს ლეჟავა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ღამის კლუბების მფლობელები და მენეჯერები, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის და თბილისის მერიის წარმომადგენლები.
ლეჟავას განმარტებით, შეხვედრაზე ითქვა, რომ საკოორდინაციო საბჭო უნდა გამართულიყო 16 დეკემბერს, სადაც ღამის კლუბების საკითხი გადაწყვდებოდა:
“საკოორდინაციო საბჭოსაც [16 დეკემბერს] რომ მიეღო ამ საკითხზე დადებითი პასუხი, ამის კანონში გამყარებას ორი დღე უნდა, შრომითი უსაფრთხოება კი შემოწმების ხარჯზე ოპერირების უფლებას გასცემს, რასაც ერთი დღე სჭირდება. ანუ აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თუ საკოორდინაციო საბჭოზე ეს საკითხი გადაწყდებოდა, დოკუმენტაცია უცებ მოესწრებოდა.
მხოლოდ ის სივრცეები უნდა გახსნილიყო, რომელსაც პროტოკოლის მიხედვით ტექნიკური მახასიათებლებს აკმაყოფილებდა… ლაპარაკი იყო მხოლოდ 5-6 კლუბის გახსნაზე, რადგან სხვები ვერ ესწრებოდა, ამგვარად ერთი დღის განმავლობაში ამ ყველაფრის შემოწმება ტექნიკურად შესაძლებელი იყო”, – ამბობს ლეჟავა.
თუმცა 17 დეკემბერს, დაგეგმილი ღონისძიებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შრომის ინსპექცია განცხადება გაავრცელა, სადაც ღამის კლუბებს აფრთხილებდა, რომ გახსნის უფლება ჯერ არ ჰქონდათ.
ამ განცხადების მიუხედავად ღამის კლუბებმა 17-ში დაგეგმილი ღონისძიება არ გააუქმეს. დავით ლეჟავას თქმით, იმ ღამით შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად ღამის კლუბები თავად შემოიარა შესამოწმებლად. შრომის ინსპექციამ კი ვითარება აღწერა და ოქმები შეადგინა, თუმცა არც ერთი კლუბი დაუჯარიმებია.
“17 დეკემბერს კიდევ ჰქონდა იმედი შრომის უსაფრთხოებას, რომ სამშაბათისთვის ეს საკითხი დადებითად გადაწყდებოდა. 17-ში ივენთები “არალეგალურად” ჩავატარეთ მაგრამ თვალის დახუჭვით.
ამის [შეთანხმების] დოკუმენტი არ გვაქვს, სადღაც რომ ეწეროს, მაგრამ ჩვენ ამის საერთო შეთანხმება გვქონდა, რომ 17-ში უნდა გავხსნილიყავით. აბა როგორ დაიგეგმა ამდენი რამე, ამ ხალხმა დეკემბრის დასაწყისიდან ისესხა ფულები, არემონტა, ასუფთავა რომ მოსწრებულიყო ყველაფერი.
მთავრობის ყველა განშტოება იყო ამის მომხრე, ამას მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. თვითონაც გვეუბნებოდნენ, რომ მომხრეები იყვნენ, რადგან 22 თვე დაკეტილები ვართ და ყველა იყო მომხრე, რომ ყველაზე მკაცრი პროტოკოლით, ყველაზე რთული კოვიდსაშვით, ყველაზე ძლიერი გამწოვით, ყველაზე რთული შეშვებით, ყველაზე მკაცრი კონტროლით ვიხსნებით და ამაზე იყო თანხმობა”, – ამბობს ლეჟავა.
შრომის ინსპექციამ მიდგომა 18 დეკემბერს შეცვალა, როდესაც ღამის კლუბები შეხვედრაზე დაიბარა, იმ დღეს დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება მოსთხოვა და უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა კლუბის ღონისძებას ჩაშლიდა, დააჯარიმებდა, დალუქავდა და ლუქის ახსნის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა.
ლეჟავას თქმით, ამის შემდეგი კომუნიკაცია შრომის ინსპექციასთა ბოლო საკოორდინაციო სხდომის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, 21 დეკემბერს ჰქონდა:
“მე მივწერე ყველას [სახელმწიფოს წარმომადგენლებს], რომ ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ასე არალეგალურ სივრცეში მოგვისროლეს ამდენი თანამშრომლობის შემდეგ და საწყენი იყო, რომ არ გვიჭერდნენ მხარს და ასეთ ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდით.
სამშაბათს შრომის უსაფრთხოების უფროსის მოადგილემ დამირეკა და მითხრა, რომ მთლად ასე არ იყო სიტუაცია. ხვალ, ანუ 22 დეკემბერს ყველა ვარიანტში განიხილება თქვენი საკითხი და ჩვენც ვიცით, რომ ყველა მხარს გიჭერთო”, – განმარტავს ლეჟავა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მან ღამის კლუბების წარმომადგენლებსაც გააცნო, რის საფუძველზეც მათ ჰქონდათ იმედი, რომ 22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭო კლუბების გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებდა:
“ჩვენ ყველა ველოდით, რომ იქნებოდა პოზიტიური პასუხი, თუმცა ამ პოზიტიურ პასუხს რამდენიმე “ვინაიდან” ექნებოდა. მაგალითად, ომიკრონის გავრცელების შემთხვევაში იარსებებდა ისევ დაკეტვის რისკები და ა.შ. მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით, რომ გავისხნებოდით.
ყველა შოკში ვიყავით [საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით]. აბა რა საჭირო იყო წინა დღით თქმა, რომ შრომითი უსაფრთხოებაც და ყველა გვიჭერდა მხარს? ეს საკითხი საბჭოზე ახლა გადის იმიტომ, რომ უნდა გასულიყო სამი კვირის წინ და ვერ მოხერხდაო. დაგვიანებით, მაგრამ გადის და გიჭერთ მხარსო”, – ამბობს ლეჟავა.
მან “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ არ აქვს დოკუმენტურად გაფორმებული საბუთი, რომლითაც დაადასტურებდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ღამის კლუბებს გახსნას ჰპირდებოდნენ, თუმცა ამ შეხვედრებს ჰყავს მოწმეები, ვინც დაადასტურებს, სახელმწიფოს წარმომადგენლების პოზიციებს.
ამასთან, ღამის კლუბების წარმომადგენლების განცხადებით, მათ აქვთ მიმოწერის ამსახველი ფოტოები, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან 17-18 დეკემბრის ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით თანხმობა ჰქონდათ.
“ჩვენ რომ გვქონოდა ეჭვი, რომ ასე წარიმართებოდა მოვლენები, შეიძლება დოკუმენტაციაც შეგვექმნა, მაგრამ ნიშნის მოგებით ლაპარაკი ამ სცენის სტილი არ არის.
როცა ვუთხარით, რომ ხომ შეგვპირდნენ, თავი დაგვიქნიეს, ამდენი ხარჯი გავწიეთ, მათი პასუხი იყო “რა ვქნათ, ეს სახელმწიფოა”, – ამბობს ლეჟავა.
როგორ დაზიანდნენ კლუბები
ღამის კლუბების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თითეული ღონისძიებისთვის მომზადება დიდ დროსთან და ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით კი პანდემიისას, რადგან მანამდე არსებულ ხარჯებს პროტოკოლის დაკმაყოფილებისთვის საჭირო ხარჯების გაწევაც ემატება. ამასთან, 22-თვიანი უმოქმედობის შემდეგ მოსაწესრიგებელია სივრცე და აპარატურაც.
“ყოველ ჯერზე, როცა კლუბს ვხსნით, ეს ძალიან დიდი ფინანსური დატვირთვაა, რადგან ამას სჭირდება დალაგება, მომზადება და ა.შ. ანუ დაკეტილი სივრცის გახსნისთვის მომზადება ძალიან რთულია. მით უმეტეს, როდესაც ამას ემატება დამატებითი ღონისძიებების გატარება.
აქტიური მუშაობის პერიოდშიც კი, ზაფხულის ბოლოს შესვენების შემდეგ გახსნასაც დიდი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა . მით უმეტეს, როცა ამდენ დეზინფექციებს აკეთებ, ამზადებ ყველაფერს.
მთელი რიგი ხარჯები გავწიეთ, რომ ამ სიტუაციას მოვრგებოდით. ეს იყო ძალიან ძნელი, რადგან ის 1000-ლარიანი ხარჯიც კი ბიზნესს, რომელსაც 0 შემოსავალი აქვს ძალიან აწვება მხრებზე”, – ამბობს კლუბის, “მტკვარზე” წარმომადგენელი, ქეთა გაბუნია.
სექტორის წარმომადგენლების თქმით, ბევრმა ღამის კლუბმა იმის იმედით, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან მაინც შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას, სივრცის მოსაწესრიგელად ვალიც აიღო.
“ხიდის” წარმომადგენლი, სოფო ებრალიძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ სივრცის მოწესრიგებასთან ერთად 22-თვიანი დაკეტვის შემდეგ სხვა მასშტაბური სამუშაოებიცაა გასატარებელი, რასაც დრო და ენერგია სჭირდება. მათ შორის არის არტისტების მოძიებაც:
“არტისტებთან მოლაპარაკება ურთულესი პროცესია, რადგან უამრავი არტისტი უკვე დაკავებული იყო ამ პროცესში, როდესაც ევროპამ გაზაფხულიდან მოყოლებული კლუბები გახსნა, ეს არტისტები უკვე სხვა კლუბებში უკრავდნენ”, – ამბობს ებრალიძე.
ამ ყველაფერს კი პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებიც ემატება, რადგან პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ღამის კლუბები უნდა გახსნილიყო, ითვალისწინებს ვენტილაციის სისტემის გამართულობას, სივრცის დეზინფექციას, დამატებითი ბარიერიების შექმნას და იმ ადამიანების მობილიზებას, ვინც კლუბში შემსვლელთა კოვიდსტატუსს გააკონტროლებს.
რატომ მიიჩნევენ უსამართლოდ კლუბები მუშაობის აკრძალვას
“ნეტგაზეთის” რესპონდენტები განმარტავენ, რომ ჩატარებული კვლევებისა და საპილოტე ღონისძიებების გათვალისწინებით, ისინი “მწვანე პასპორტთან” დაკავშირებული ყველაზე მკაცრი შეზღუდვებით მოქმედებენ.
მათ შორის კლუბებში შესვლა შეუძლია მხოლოდ:
- ვაქცინირებულ პირს
- პირს, რომელიც წარადგენს ბოლო 48 საათში გაკეთებულ PCR ტესტის უარყოფით პასუხს
- პირს, რომელსაც ბოლო 6 თვის განამავლობაში ჰქონდა კორონავირუსი
სოფო ებრალიძის განმარტებით, კლუბ “ხიდში” შესვლამდე ის თანამშრომლებთან ერთად თავად ამოწმებდა კლუბში შესვლის მსურველების კოვიდსტატუსის. ამისთვის კი სხვა დაწესებულებებისგან განსხვავებით მხოლოდ Georgia e-Health აპლიკაციას იყენებს, სადაც ადამიანების კოვიდსტატუსთან დაკავშირებული მონაცემები დროის მონაკვეთების მიხედვით ჩანს.
ამასთან, მათი განმარტებით, ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანების რაოდენობაც მკაცრადაა განსაზღვრული. კერძოდ, საცეკვაო სივრცეში ერთ კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანია გათვალისწინებული, რაც პანდემიამდე არსებულ დასწრებას 3-4-ჯერ ჩამორჩება. ასევე, მხოლოდ იმ ღამის კლუბებში შეიძლება ღონისძიების ჩატარება, რომელთაც ვინტილაციის გამართული სისტემა აქვთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კლუბების წარმომადგენლები უსამართლოდ მიიჩნევენ საკოორდიანციო საბჭოს 22 დეკემბრის გადაწყვეტილებას და გიორგი ღიბრაძის არგუმენტს ომიკრონის შტამის გავრცელებასა და უცხოეთში კლუბების დაკეტვასთან დაკავშირებით:
“მათი არგუმენტია, რომ ევროპაში კლუბები დაიხურა. გაზაფხულიდან მოყოლებული ეს კლუბები გახსნილი იყო მუშაობდა… ახლა ნამდვილად შეზღუდეს იმიტომ, რომ ახალი შტამი გამოჩნდა, მაგრამ მათი მხრიდან შედარება ცოტა უხერხულია, როდესაც ჩვენ საერთოდ არ გვიმუშავია.
ზაფხულშიც მოგვატყუეს და ზაფხულის თვეები გაგვაცდენინეს , შემდეგ შემოდგომა გავაცდინეთ, რომ შემსუბუქდებოდა რეგულაციები აუცილებლად ღია სივრცეებთან დაკავშირებით. სინამდვილეში კი სერიოზულად გამკაცრდა”, – განმარტა ებრალიძემ.
“იმეორებენ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კლუბები გახსნილი იყო ომიკრონის გამო იკეტება. ძალიან მნიშვენლოვანი ფაქტორია, რომ ევროპაში უკვე თვეებია რაც ყველაფერი გახსნილია. იმიტომ, რომ იქ პანდემია მართეს და ახლა უბრალოდ ცოტა ხანს დააპაუზებენ კლუბებს და შემდეგ ისევ გახსნიან.
ჩვენს შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში სრულიად აკრძალული გვაქვს მუშაობა. იქ რომ ისევ კეტავენ, აქ არც არასდროს გავხსნილვართ”, – ამბობს ქეთა გაბუნია.
რაც შეეხება ომიკრონის გავრცელებას, ქეთა ამბობს, რომ სახელმწიფო ამ ნაწილშიც უსამართლოდ იქცევა, რადგან კლუბებს მუშაობის დაწყების უფლებას არ აძლევს, პარალელურად კი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებას მართავს:
“პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ახალი წლის ღონისძიებების გამართვას კოვიდრეგულაციების დაცვით აპირებენ. ის არ ვრცელდება ორბელიანის მოედანზე, არ ვრცელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ორკვირიან საახალწლო ღონისძიებებზე, არსად არ ვრცელდება და მხოლოდ კლუბებია გავრცელების წყარო? სადაც არიან ორჯერადად აცრილები და სადაც ყველაზე მეტი კონტროლია იმის, რომ კორონავირუსი არ გავრცელდეს.
არავინ ამბობს, რომ სრულიად უსაფრთხო გარემო არსებობს სადმე. საუბარია იმაზე, რომ ამ გარემოებში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ვირუსის გავრცელების საფრთხე. სადაც არ უნდა გაიაროთ არანაირი კონტროლი არ ხდება და ჩვენ ვართ გამავრცელებლები და საშიშები. ეს არის ძალიან არასწორი”, – ამბობს გაბუნია.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი გუშინ, 23 დეკემბერს თქვა, რომ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყობა.
“ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები”, – განმარტა მთავრობამ.
მანამდე კი 10 დეკემბერს თბილისში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართა. ამ დღეს რუსთაველის გამზირზე ასობით ადამიანთან ერთად თბილისის მერი, კახა კალაძე და თავად პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახებთან ერთად დაესწრნენ.
როგორ აისახა ჩაკეტვა სასცენო სექტორზე და რა ბედი ელით კლუბებს
საქართველოში ღამის კლუბებმა მუშაობა 2020 წლის მარტში პანდემიის გამო, საკუთარი ნებით შეაჩერეს. ამ პერიოდის განმავლობაში კი რამდენიმე საპილოტე ღონისძიების გარდა ოფიციალური ივენთი არ ჩაუტარებიათ. როგორც კლუბების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ დიდ ნაწილს ფართები საკუთრებაში არ აქვს. უმუშევრობის გამო კი კლუბის ყოველთვიური ქირის, კომუნალურების და საბანკო ვალდებულებების გასტუმრებას ვერ ახერხებენ.
“მიუხედავად იმისა, რომ დაკეტილები ვართ, მაინც ძალიან ბევრს ვიხდით. კომუნალურების 200-300 ლარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ბიზნესისთვის ძალიან ბევრია.
ასევე გვქონდა ბიზნესსესხები, რომლებიც ხან გადავადდა ხან რესტრუქტურიზავია გაკეთდა. ერთ წელზე რომ იყო სესხი, გადავადდა 6 წელზე და კატასტორუფლად გამიძივრდა”, – ამბობს ქეთა გაბუნია.
გარდა ამისა, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნიდან მიდიან ამ სექტორში დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი ადამიანები.
დავით ლეჟავას განმარტებით, საქართველოში საკლუბო ბიზნესში 8 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის არტისტები და ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.
“უკვე რამდენიმე თვეა, ვსაუბრობთ ყველასთან, რომ ვკარგავთ ამ სცენას. ვინც ტექნიკურად მართავს სცენას ისინი ქვეყნიდან მიდიან,რადგან აქ სამუშაო არ აქვთ. ამ სექტორში დიდი ფული არ არის. ეს ისედაც მუსიკაზე შეყვარებული ადამიანების მიერაა შექმნილი”, – განმარტა ლეჟავამ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კლუბებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცემათ, ღონისძიებებს მაინც გამართავენ, რა შემთხვევაშის დაჯარიმდებიან და დაილუქებიან, მომავალი წლიდან კი საქართველოში საკლუბო სექტორი ამ სახით ვეღარ იარსებებს.
“კლუბების მეპატრონეები ჯარიმებს ვერ გადაიხდიან, ლუქებს ვერ მოხსნიან, ყველა დაკარგავს სივრცეს, მოუწევთ აპარატურის გაყიდვა და ამით ვალების გადახდა.
ანუ გაისიდან საკლუბო სექტორი აღარ გვექნება…”, – აცხადებს ლეჟავა.
“ნეტგაზეთი” ორი დღის განმავლობაში ცდილობდა შრომის ინსპექციიდან პასუხისმეგებელ პირებთან დაკავშირებას, თუმცა უწყების ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ ჩვენს ზარებს და სმს-ებს არ უპასუხა, ჯანდაცვის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ამ საკითხზე სხვა ვერავინ ისაუბრებდა.