ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს უწყების შენობასთან შეიკრიბნენ, ისინი ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მშობლების პროტესტის მიზეზი ინსულინის დეფიციტია.
როგორც შეკრებილი პირები ამბობდნენ, სახელმწიფო, დიაბეტით დაავადებულებს ინსულინს აღარ აწვდის, მედიკამენტი სრულად ამოწურულია სააფთიაქო ქსელებშიც. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მშობლებისთვის არ აუხსნიათ, რატომ მივიდა საქმე ინსულინის მარაგის სრულ ამოწურვამდე, მაგრამ უთხრეს რომ ახალი მარაგის გაცემა ორშაბათიდან დაიწყება, მანამდე კი მშობლები იძულებული არიან ბავშვები ალტერნატიულ პრეპარატზე გადაიყვანონ, რაც რისკისშემცველია. იმ შემთხვევაში, თუ ორშაბათს ინსულინის გაცემა არ დაიწყება, მშობლები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ.