რატომ აზიანებს საქართველოს „დუმილი“ უკრაინის საკითხზე

მაშინ, როცა უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები რუსეთისგან ყოველ წამს ელოდებიან უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, ქართველი ანალიტიკოსები და ოპოზიციონერები საქართველოს მთავრობის „უმოქმედობას“ აკრიტიკებენ.

ქართველ ექპსერტებსა და პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საფრთხე, რომელიც უკრაინას ამჟამად უდგას, პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებაზეც. მათი შეფასებით, საქართველოს სტრატეგიული ინტერესია ახლა უკრაინის გვერდით მყარად დგომა, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, ძალიან მალე ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება საქართველო, როგორც ეს 2008 წელს მოხდა.

ხელისუფლების ოპონენტთა აზრით, საქართველოს ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში უნდა მუშაობდეს და უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავდეს როგორც სიტყვით, ისე — საქმით.

როგორ უნდა მოქმედებდეს საქართველო და რატომ არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინის საკითხზე მეტი აქტიურობა, ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ანალიტიკოსებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა.

რა ხდება?

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ყოველდღიურად იზრდება რუსული საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება რუსეთ-უკრაინის საზღვართან. რუსეთის უარყოფის მიუხედავად, დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაწყებად ემზადება. პარტნიორი ქვეყნების ნაწილმა უკვე დაიწყო უკრაინისთვის თავდასაცავად როგორც იარაღის, ისე ფულის მიწოდება.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატოს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

21 იანვარს კი ჟენევაში დიპლომატიური მოლაპარაკებები აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა  და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის  გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მომავალი კვირის განმავლობაში ელის აშშ-ის წერილობით პასუხს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე. ენტონი ბლინკენის თქმით კი, დასავლელი მოკავშირეები მზად არიან გაიზიარონ რუსეთის რიგი შეშფოთებები, თუ რუსეთიც გააკეთებს იგივეს, თუმცა არ იტყვიან უარს ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე.

რას უნდა აკეთებდეს საქართველო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად არასაჭიროდ და გაუგებრად დუმს, რაც მისი აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს.

თუმცა საქართველოს მთავრობის დუმილის მიზეზების დასახელებისგან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავს იკავებს. მისი თქმით, ნებისმიერი ვარაუდი, რომელიც არ უნდა გამოთქვას, ერთმანეთზე უფრო მძიმე და უარესია.

„როგორც ჩანს, [მთავრობა] ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს და ჯერ კიდევ ვიღაცას ჰგონია ჩვენს ხელისუფლებაში, რომ ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკითხია და იმიტომ, რომ ამ კომუნიკაციაში რუსეთი მაინცდამაინც საქართველოს არ მოიხსენიებს, ჰგონიათ, რომ ეს საქართველოს არ ეხება.

ამასობაში მთელი პრობლემაც იმაშია, რომ აღარც კი მოგვიხსენიებს რუსეთი, ღირსადაც კი აღარ გვთვლის, რომ ამ კონტექსტში ჩვენს შესახებ ისაუბროს“, – ამბობს თინა ხიდაშელი ნეტგაზეთთან.

ხიდაშელის თქმით, იმის ნაცვლად, რომ საქართველო ახლა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანა იყოს, ამდენი ხნის განმავლობაში პარლამენტმა ერთი რეზოლუციის მიღებაც კი ვერ მოახერხა. მისი თქმით, სწორედ რეზოლუციით იქნებოდა ყველაზე მარტივი საქართველოს პოლიტიკური ნების გამოხატვა, რაც ქვეყანას პირველ რიგში უნდა გაეკეთებინა.

თუმცა ხაზს უსვამს, რომ აქტიურობა აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც უნდა მოდიოდეს.

„იმ დოკუმენტში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, თუ რა ტიპის კონტაქტები იყო ამ მძიმე მდგომარეობაში, ერთი სატელეფონო ზარი რომაა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და დაუშვებელია“, – ამბობს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელის აზრით, საქართველოს პირველი პირებისგანაც ისეთი მკვეთრი და თამამი განაცხადები უნდა ისმოდეს, როგორსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკეთებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ნეტგაზეთთან იმ პირველი რიგის მიმართულებებს ასახელებს, სადაც საქართველო უნდა აქტიურობდეს.

„მინიმუმ თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები უნდა აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით საკუთარ კოლეგებთან ურთიერთობაში. იმისათვის, რომ ჩვენ რაღაც განაპირაზე არ აღმოვჩნდეთ ხვალ და ზეგ თუკი პრობლემა დადგება.

ამის კვალობაზე შემდეგ უკვე ბევრი სხვა საკითხი დგება დღის წესრიგში, როგორიც არის: შეიარაღებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აშშ-სთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან; მადრიდის სამიტის წინ აქტიური მოქმედებები, მათ შორის, არასახელისუფლებო წრეებთან ურთიერთობებით, იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოს ქვეყანამ“, – ამბობს თინა ხიდაშელი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საგარეო ურთიერთობათა მდივან თენგიზ ფხალაძესაც მიაჩნია, რომ ახლა საგანგებო რეჟიმში უნდა მუშაობდეს პარლამენტიც, უსაფრთხოების საბჭოც და მთავრობაც. მისი თქმით, ახლა ყოველი დღე და საათი ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ის, რაც ახლა ხდება, მხოლოდ უკრაინის პრობლემა არაა და თუკი რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, შემდგომ შემოტევას საქართველოზე ძალიან მალე განახორციელებს და ამიტომ, საქართველო ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყოს.

„ჩვენ ახლა ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ არა მხოლოდ კიევში, არამედ პარიზში, ბერლინში, ევროპის სხვა დედაქალაქებში და არა მხოლოდ ვაშინგტონსა და ბრიუსელში.

აქტიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით იმ პარტნიორებთან, რომლებიც უფრო სკეპტიკოსებად მოიაზრებიან ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ აქტიურობამ შეიძლება მოიტანოს შედეგი“, – აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.

თენგიზ ფხალაძის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად უნდა დაიწყოს საუბარი ერთიანი დაცვის სისტემაზე და ერთობლივი საფრთხეების შეფასება გაკეთდეს.

„დღეს უკრაინისთვის მხარში დგომა, ეს არის საქართველოს მხარში დგომა, მოლდოვას მიმართ გვერდში დგომა, ეს არის გზა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისაკენ და ეს არის ის, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ამიტომ თავისთავად ცხადია, უნდა ვიყოთ აქტიურები“, – ამბობს თენგიზ ფხალაძე.

ფხალაძის თქმით, თანადგომისა და სოლიდარობის გამოხატვის ძალიან ბევრი ფორმა არსებობს და სურვილის შემთხვევაში, ყველაფრის ამოქმედება შეიძლება. მათ შორის, ფხალაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფორმატებზე, რომელიც უკრაინასა და საქართველოს აერთიანებს.

„კომუნიკაციის ძალიან ბევრი ფორმა არის. ელემენტარულად არის სატელეფონო ზარი კოლეგასთან, შეიძლება ეს იყოს წერილი, კონსულტაციები. მითუმეტეს, ჩვენ უკრაინასთან თანამშრომლობის ძალიან ბევრი ფორმატი გვაქვს.

ორმხრივ ფორმატებს რომ თავი დავანებოთ, ჯერ ერთი, ორმხრივ არაერთხელ გვილაპარაკია და ხელი მოვაწერეთ, პლუს ამას ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ასოცირებული ტრიო ვართ, საქართველოც და უკრაინაც ასპირანტი ქვეყნები ვართ… იმდენი რაღაც არის, რაც პირდაპირ გვავალდებულებს“, – ამბობს თენგიზ ფხალაძე.

რატომ ვერ იღებს პარლამენტი რეზოლუციას

საქართველოს პარლამენტში როგორც ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასევე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების პროექტი ოპოზიციამ ჯერ კიდევ დეკემბერში წარადგინა. თუმცა რეზოლუციების განხილვა და მიღება ამ დრომდე არ მომხდარა.

არსებული ვითარების გათვალისწინებითაც კი, თებერვლამდე პარლამენტში არც რიგგარეშე სხდომა იგეგმება.

რეგლამენტის თანახმად, რიგგარეშე სხდომის ჩასანიშნად პარლამენტის შემადგენლობის 1/4 ანუ 38 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. შესაბამისად, რიგგარეშე სხდომისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება მხოლოდ ოპოზიციასაც შეუძლია. თუმცა, ყველაზე დიდი – ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის გარეშე, რომელიც ახლა ბოიკოტშია, მხოლოდ ოპოზიციას 38 ხელმოწერების შეგროვება გაუჭირდება.

თავის მხრივ, ენმ-ს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, შეწყვეტს თუ არა ბოიკოტს. თუმცა პარტიამ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება უკვე გაავრცელა.

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია ენმ-ის გარეშე ვერ ახერხებს რიგგარეშე სესიის მოწვევას, ნეტგაზეთს სურდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეკითხა, შეუერთდებიან თუ არა ისინი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის სურვილს, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების მიზნით პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით. არაერთი მცდელობის მიუხედავად, პარტიისგან პასუხის მიღება ვერ შევძელით.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, პარლამენტარ თეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ პარლამენტს ორივე რეზოლუცია დეკემბერშივე უნდა მიეღოთ. მისი თქმით, რეზოლუციების „გასამართად“ კონსულტაციები უმრავლესობასთან მიმდინარეობს.

თუმცა როგორც აქუბარდია ნეტგაზეთთან ამბობს, მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და საგაზაფხულო სესიამდე, რომელიც 2 თებერვალს იხსნება, „მოცდის ფუფუნება არ აქვთ“.

აქუბარდია „ქართული ოცნების“ უმრავლესობას ურჩევს,  რომ ასეთ მძიმე დროს  უკრაინისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის დასაფიქსირებლად რეზოლუცია რიგგარეშეზე სხდომაზე მიეღოთ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი შესაძლებლობა არის როგორც პარლამენტის, ასევე ხელისუფლების ხელში, რომელსაც არცერთი არ იყენებს.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ნატოში გაწევრიანების რეზოლუციის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით რეზოლუციას მრავალპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს.

„არ დარჩენილა დასავლეთში ქვეყანა, მათ შორის, ევროპარლამენტმა დეკემბერში მიიღო ეს რეზოლუცია და საქართველო, რომელიც არის უკრაინის პარტნიორი და გვაქვს ანალოგიური აგრესიის ფაქტები ოკუპაციასთან და ანექსიასთან მიმართებით, რომელიც აქვს უკრაინას, ისევე, როგორც ნატოსთან მიმართებით მისწრაფებები, ამ ვითარებაში პარლამენტის მხრიდან დუმილი არის არამხოლოდ მიუღებელი, არამედ საშიში.

ვფიქრობ, რომ ამ მძიმე დროს აუცილებელია ერთიანობა, მათ შორის, ყველა პოლიტიკური ძალის პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს სჭირდება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს. დროა გამოვფხიზლდეთ და ის ფობიე და შიშები, რომლითაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნება“ რაციონალურად იყოს აწონილ-დაწონილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს ამ ყველაფრის გაკეთება“, – ამბობს თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს -პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრ სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკვე მრავალი წელიწადია აქვს არაადეკვატური მიდგომა უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობებში.

მისი თქმით, რეალურად, დღეს არის სწორედ ის ვითარება, როდესაც საქართველომ ყველა დონეზე, მათ შორის, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ასევე საკანონმდებლო ორგანომ, ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

„იმის ნაცვლად, რომ ეს რეზოლუციები რაც შეიძლება სწრაფად  მიეღო, პარლამენტმა გაურკვეველი ვადით გადადო ამ საკითხებზე მსჯელობა. ჩვენ ასევე ვერ ვხედავთ რაიმე  ნების გამოხატულებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის დაფიქსირების.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის წინაშე შექმნილი გამოწვევები პირდაპირ ეხება ჩვენს ქვეყანას, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი დამოკიდებული და ასეთად იქნება აღქმული ჩვენი მოკავშირეების და მეგობრების მიერაც“, – ამბობს სალომე სამადაშვილი ნეტგაზეთთან.

ოპოზიციისა და ექსპერტების მიერ არსებული რისკებისა და საფრთხის შეფასებას იზიარებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც. როგორც სამხარაძე ნეტგაზეთთან ამბობს, „ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს ისტორიაში ეს არის ძალიან კრიტიკული მომენტი ჩვენთვის“.

თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ის, ვინც ხელისუფლებას არასათანადო აქტიურობის გამო აკრიტიკებს, პოლიტიკურად მიკერძოებული და არ სურს რეალობის დანახვა.

როგორც სამხარაძე ამბობს, მის უკრაინელ კოლეგასთან თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს და უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტიც იგეგმება.

„არ ვიცი რატომ შეიძლება ითქვას, რომ აქ ნაკლებობაა მხარდამჭერი განცხადებებისა. პირიქით, უკრაინელები ძალიან მადლიერები არიან და მოდით, იქნებ უკრაინელებს ვკითხოთ, არიან თუ არა კმაყოფილები იმ მხარდაჭერით, რასაც ისინი საქართველოსგან იღებენ“, – ამბობს სამხარაძე.

მისი თქმით, მცდარია ის, რომ პარლამენტმა რეზოლუცია არ მიიღო. როგორც სამხარაძე განმარტავს,  რეზოლუცია მაშინ დარეგისტრირდა, როცა საპარლამენტო სხდომები უკვე თითქმის დახურული იყო და არც კომიტეტს არ მიეცა ამის განხილვის შესაძლებლობა.

კიდევ ერთ მიზეზად კი სამხარაძე იმას ასახელებს, რომ  დაინიცირებული რეზოლუციები „ხარისხობრივად დახვეწას საჭიროებდნენ“, რაზეც პარლამენტი სწორედ ახლა მუშაობს.

კითხვაზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა რეზოლუციების „ხარისხობრივად დახვეწა“ და განხილვა დაჩქარებულად მომხდარიყო, სამხარაძე გვპასუხობს, რომ ყველაფერს აქვს თავისი პროცედურული ნაწილი და  „რეზოლუცია ნახევარ საათში და ერთ საათში არ იწერება“.

„ამას სჭირდება ასევე კონსულტაციების გავლა სხვა ფრაქციებთან, ერთიანი მუშაობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საპარლამენტო არდადეგების პერიოდში, მოგეხსენებათ, იანვარი არ არის სასესიო პერიოდი. აქედან გამომდინარე, გაჭირდება ყველა დეპუტატის შეკრება და რიგგარეშე სესიის მოწვევა“, – ამბობს სამხარაძე.

ამასთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ არც ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და არც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის რიგგარეშე სესიაზე განხილვის აუცილებლობაც არ დგას.

„ჩვენ 2021 წელსაც მივიღეთ მსგვავსი რეზოლუცია, ამიტომ იანვარში მივიღებთ ამ რეზოლუციას თუ თებერვალში, მერწმუნეთ, არაფერი არ დაშავდება. იგივე ეხება უკრაინის რეზოლუციასაც, ჩვენ ბოლო წლებში არაერთი მხარდამჭერი რეზოლუცია და განცხადება გვაქვს უკრიანისთან მიმართებით მიღებული“, – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

ნეტგაზეთის რეპლიკაზე, რომ თუ ბოლო 30 წელში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტია და ბოლო წლებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა, სამხარაძე პასუხობს, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებების პროცესს აკვირდებიან.

„კი, მე ვთქვი, რომ ბოლო 30 წელიწადში მნიშვნელოვანი მომენტია.  თუმცა 2014 წელს, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოხდა, ბევრად უფრო რთული შედეგი დადგა. ჯერჯერობით ჩვენ მოლაპარაკებების პროცესს ვუყურებთ, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები დასავლეთსა და რუსეთს შორის“, — აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარება ყოველდღიურად იძაბება. ამერიკული ტელეარხ „ფოქსნიუსის“ ჟურნალისტმა ლუკას ტომლინსონმა, რომელიც აშშ-ის სამხედრო საკითხებს აშუქებს, ამერიკელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით 22 იანვარს ტვიტერზე დაწერა, რომ ორშაბათს, 24 იანვარს, სახელმწიფო დეპარტამენტი კიევიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახების ევაკუაციას იწყებს.

ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები დაზვერვაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო აგრესია, შესაძლოა, თებერვალში დაიწყოს.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები