გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულმა პარტიამ “საქართველოსთვის” პროგრამული ხედვა გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნება 3 ძირითად მიმართულებას: 1. განვითარება 2. დემოკრატია 3. უსაფრთხოება.
ეკონომიკის განვითარების ხედვას, პარტია რამდენიმე პუნქტს უთქმობს. მათ შორისაა ინვესტიციების მოზიდვის ნაწილიც.
გახარიას პარტიის პროგრამის მიხედვით, ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება იქნება სწრაფი დასაქმებისთვის საჭირო სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წყარო.
როგორც პროგრამაშია აღნიშნული, პარტია ხალხს ჰპირდება, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის, მათ შორის, ქვეყანაში კერძო ინვესტიციების მხარდაჭერის, ნიშური, მსუბუქი ინდუსტრიალიზაციის წახალისების და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის გზით, რაც გულისხმობს ექსპორტზე ორიენტირებულ თანამედროვე საინვესტიციო პოლიტიკას.
ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ექსპრემიერის გუნდის ხედვა შემდეგნაირია:
“- 2025 წლამდე ნებისმიერი კომპანია, რომელიც განახორციელებს 50 მლნ. ლარის ღირებულების ინვესტიციას (გარდა წინასწარ დადგენილი ეკონომიკური საქმიანობებისა) საქართველოს რეგიონებში და შექმნის სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის, ინვესტიციის განხორციელებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაიბრუნებს მის მიერ გადახდილ გადასახადებს.
– ამავდროულად, აღნიშნული ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორი სახელმწიფოსგან მიიღებს საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქტივებს.
განხორციელდება იმ ინვესტიციების ხელშეწყობა, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში ახალი პროდუქციის წარმოებაზე (რომლის წარმოება დღეს არ ხორციელდება) ადგილობრივი ბაზრისთვის ან/და საექსპორტოდ. კერძოდ:
– ნებისმიერი კომპანია, რომელიც განახორციელებს ინვესტიციას 2025 წლამდე საექსპორტო საქონლის წარმოებისთვის (გარდა წინასწარ დადგენილი საქმიანობებისა), ექსპორტის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში მიიღებს სუბსიდიას განხორციელებული ექსპორტის მოცულობის 5%-ის ოდენობით.
– ნებისმიერი კომპანია, რომელიც განახორციელებს ინვესტიციას 2025 წლამდე, რომელიც ითვალისწინებს ახალი პროდუქციის წარმოებას (წინასწარ დადგენილი სასაქონლო კოდების მიხედვით), პირველი რეალიზაციის განხორციელებიდან 3 წლის განმავლობაში მიიღებს სუბსიდიას რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 5%-ის ოდენობით”, – აღნიშნულია პროგრამაში.
წყარო: BM.GE