აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ის ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ან სხვაგვარად დაეხმარონ, რუსეთის მსგავსი შედეგების წინაშე დადგებიან.
ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა. უკრაინული მხარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.
ნედ პრაისის თქმით, ის საქართველოს მთავრობის მიმართ უკრაინული მხარის ბრალდებებზე ვერ ისაუბრებს. თუმცა აღნიშნავს, რომ ქართველ კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ.
„ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, თუ რას ნიშნავს რუსეთის აგრესია და რუსეთის მცდელობები, მიიტაცოს სუვერენული ტერიტორიები. ჩვენ ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის, მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს გაეროში იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო კონტაქტზე ყოფნას.
რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრის გარეშე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან, გვერდი აუარონ აშშ-სა და პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს, ან ის ქვეყნები, რომლებიც რამე გზით ეცდებიან, მხარი დაუჭირონ კრემლის საომარ ძალისხმევას ფინანსურად ან იარაღის მიწოდებით, მოიმკიან შესაბამის შედეგს“, — განაცხადა ნედ პრაისმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელს აფარებს.