საქართველოს მთავრობამ ფქვილის სუბსიდირებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. პროგრამა, რომელმაც პურზე ფასის ზრდა გადააზღვია, გასული წლის დეკემბრიდან მოქმედებდა და ის ივნისის ბოლოს დასრულდა.
იმის გამო, რომ ახლა ხორბლის ახალ მოსავალს ელიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში, საქართველოს მთავრობამ ჩათვალა, რომ ახლა კარგი დროა სუბსიდირებიდან გამოსვლისთვის, თან იმ ფონზე, როცა ხორბალსა და ფქვილზე ფასს შემცირების ტენდენცია აქვს, თუმცა ფაქტია არა ისეთი, რომ სუბსიდირების გარეშე პურის ქარხნებმა ფასები უცვლელად შეინარჩუნონ.
დღევანდელი მდგომარეობით ერთი ტომარა პირველი ხარისხის არასუბსიდირებული ფქვილი 62 ლარი ღირს, რაც სუბსიდირებულ ფქვილის ღირებულებას 9 ლარით აჭარბებს, შესაბამისად წისქვილკომბინატები ვარაუდობენ, რომ პურის ქარხნებს პურზე ფასების ზრდა 10-15 თეთრის ფარგლებში მოუწევთ.
“პურის ქარხნები უკვე იღებენ ჩვეულებრივ საბაზრო ფასში პირველი ხარისხის ფქვილს და რეალურად ბაზარზე ერთი ტომარა 50 კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილი 62 ლარი ღირს, რაც სუბსიდირებული ფქვილის ფასიდან გამომდინარე 9 ლარიანი სხვაობაა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პურის ფასები გადაიხედება, ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 10-15 თეთრით მოუწევთ მწარმოებლებს ფასის მომატება“, – აცხადებს წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილი.
რაც შეეხება პროგნოზს, თუ როგორი იქნება სამომავლოდ ფასი ფქვილზე, ამის შესახებ კერძო სექტორში პასუხი არ აქვთ, რადგან ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, როგორი იქნება ე.წ სასტარტო ფასი ხორბალზე.
დღეის მდგომარეობით, 1 ტონა ხორბლის ფასი 180 დოლარამდე მერყეობს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 200 დოლარის ფარგლებში იყო, შესაბამისად ამ დროისთვის ბიზნესს არ აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი გასული წლის მაჩვენებელს დაუახლოვდება.
„დღეის მდგომარეობით 15-20 დოლარით არის ჯერჯერობით გაიაფებული ხორბალი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში 1 ივნისიდან მოქმედებს მცურავი საექსპორტო გადასახადი – მაგალითად ამ კვირაში 42 დოლარია ბაჟი, შემდეგ კვირაში რამდენი იქნება არ ვიცით – ძალიან ძნელია თქმა როგორი იქნება ფასი, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ფასი დაიკლებს, მაგრამ რამდენით, ამის პროგნოზი რთულია“-აცხადებს ლადო ბიძინაშვილი.
სავარაუდოდ, უკვე მიმდინარე თვიდან პურის ქარხნები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, როგორი იქნება მათ მიერ წარმოებულ პურზე ფასი არასუბსიდირებული ფქვილის პირობებში. როგორც პირად საუბრებში მეპურეები ამბობენ, ჯერ ქარხნებს ისევ გააჩნიათ სუბსიდირებული ფქვილის მარაგები, შესაბამისად ამ ეტაპზე უცნობია, როდის და რამდენით გაძვირდება პური მომხმარებლებისთვის.
ინფორმაციისთვის, ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე 20-ლარიანი სახელმწიფო სუბსიდიის პირობებში პურის ქარხნები წისქვილკომბინატებიდან ფქვილს ფიქსირებულ 53 ლარად ყიდულობდნენ. საერთო ჯამში, 7 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 15-16 მილიონი ლარი დაიხარჯა.
www.bm.ge