პოლონეთის საზღვართან დაბომბვის შედეგად მსხვერპლი 35-მდე გაიზარდა

უკრანიული მედიის ინფორმაციით, პოლონეთის საზღვრის მახლობლად უკრაინის საერთაშორისო სამხედრო ცენტრის დაბომბვის შედეგად ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 134 ადამიანი კი დაჭრილია.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთმა გამთენიისას საჰაერო იერიში მიიტანა ლვოვის ოლქში მდებარე სამშვიდობო და უშიშროების საერთაშორისო ცენტრზე, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცენტრი ერთ-ერთია იმ ორი პოლიგონიდან, რომელსაც უკრაინა საერთაშორისო სამშვიდობო წვრთნებისთვის იყენებს. პოლიგონი ქალაქ ლვოვიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული.

პოლონეთის საზღვრიდან კი 25 კილომეტრში მდებარეობს. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პოლონეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა.

გარდა ამისა, საგულისხმოა რომ ტერიტორია ლვოვის ოლქს ეკუთვნის. თავად ქალაქი ლვოვი დაბომბილი პოლიგონიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული.

როგორც BBC წერს, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ჩრდილოეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით მდებარე ქალაქები იყო. მათ შორის, დედაქალაქი კიევი. თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთმა მიზანში ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქებიც ამოიღო, როგორიცაა დნეპრო და ივანო-ფრანკოვსკი.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ლვოვი პოლონეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს და ბევრი უკრაინელის თავშესაფარია, რომელიც ქვეყნის დატოვებას ცდილობს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

netgazeti.ge

 

მსგავსი სიახლეები