აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ და ხაზს უსვამს საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას და გაძლიერებას.
“ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ არის ჩვენი თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროსთან ასეთი მნიშვნელოვანი. გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პერიოდში ვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. სწორედ ამიტომ კმაყოფილება გამოვთქვით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული.
ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით. მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება. ეს არის საქმე, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ და რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება”, – ამბობს კელი დეგნანი.
მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის შესაძლო გათეთრების საქმეზე სასამართლო 2 ივლისს ჩაინიშნა. ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება მართლმსაჯულებას ისევ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
წყარო: pirveliradio.ge