საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენის პროცედურები დღეს გაგრძელდება.
25 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება გააცნო პარლამენტის წევრებს.
იმავე დღეს, ვერ მოესწრო პოლიტიკური დებატები, რადგან რეგლამენტის თანახმად საგაზაფხულო სესია უნდა დაიხუროს ივნისის ბოლო პარასკევს, დღეს 00:00 საათამდე. სწორედ ამიტომ, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართა.
დღეს გაიმართება პოლიტიკური დებატები, რა ფორმატშიც პოლიტიკურ ძალებს გამოსვლების საშუალება ექნებათ. ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრს შეეძლება, შემაჯამებელი სიტყვით ისარგებლოს.
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.