საქართველოს პარლამენტის ცხრა ოპოზიციონერი წევრი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შიმშილობას მიმართავენ: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.
კარგად მოგეხსენებათ საქართველოში შექმნილი ვითარება. ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 45-ე დღეა შიმშილობს. მას ჯანმრთელობასთან ადეკვატური სამედიცინო სერვისები არ მიწოდება. ასევე შიმშილობს ჩვენი კოლეგა, ელენე ხოშტარია. ამიტომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ამ ეტაპზე, 9 პარლამენტის წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით – ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიხეილ საკაშვილი გადაყვანილ იქნას მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, რათა მას მიეწოდოს ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები, გადაყვანილ იქნას მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც მათ მიერვე შექმნილმა კონსილიუმმა მიიღო, რათა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იქნას.
ჩვენ საქართველოს პარლამენტის წევრები – აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და მე, დავით კირკიტაძე, დღეიდან, ამ წუთიდან ვაცხადებთ შიმშილობას და შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე”, – განაცხადა კირკიტაძემ.
კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ მათ ინიციატივას შეუერთდება უფრო მეტი პარლამენტის წევრი და შიმშილობა უფრო ფარტო მასშტაბს მიიღებს.
“ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შიმშილობა მივიყვანოთ ბოლომდე, ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენი ამ განცხადების მერე არაერთი პარლამენტის წევრი და ჩვენი მეგობარი საქართველოს თუ ქვეყნის გარეთ შემოგვიერთდება და შიმშილობა მიიღებს უფრო ფართო მასშტაბს.