პანდემიის ახალი, მეოთხე, ტალღა

სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ მსოფლიოში პანდემია კოვიდ-19-ის მეოთხე ტალღა იქნება. მიზეზი მუტაციის შედეგად წარმოქმნილი დელტა ვარიანტია, რომელიც თავდაპირველად, გაზაფხულზე, ინდოეთში გამოვლინდა.

სპეციალისტების დაკვირვებით, დელტა ვარიანტი გაცილებით სწრაფად ვრცელდება და აინფიცირებს ადამიანებს, ვიდრე ვირუსის სხვა ასობით მუტაციის შედეგად წარმოქმინილი ვარიანტები. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დელტა ვარიანტი განსაკუთრებულ საფრთხეს არავაქცინირებულ ადამიანებს უქმნის. ინფიცირების რიკსი მაღალია იმ ადამიანებშიც, რომლებსაც ვაქცინის ერთი დოზა აქვთ მიღებული.

დელტა ვარიანტი თანდათანობით მსოფლიოში დომინანტი სახეობა ხდება და ის თითქმის ყველა კონტინენტზეა გავრცელებული. ახლა დელტა ვარიანტს დიდ ბრიტანეთში და რუსეთში ებრძვიან. ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინფიცირებულთა რაოდენობაც.

დიდი ბრიტანეთი

არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, დიდ ბრიტანეთში პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მეოთხე საფეხურის ამოქმედების თარიღი გადაიწია. ჯანდაცვის სპეციალისტები იმედს გამოთქვამენ, რომ დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები საბოლოოდ 19 ივლისს მოიხსნება. ბრიტანელებმა ამ დღეს „თავისუფლების დღე“ უწოდეს.

ვაქცინაცია: ოფიციალური მონაცემებით დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 32.7 მილიონი ადამიანი, რაც მოსახლეობის 49.1 პროცენტს შეადგენს.

საფრანგეთი

ვირუსის დელტა ვარიანტი უკვე დომინირებს საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, რის გამოც ქვეყანამ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ვადა გაახანგრძლივა. ფრანგი სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში პანდემიის მეოთხე ტალღაა მოსალოდნელი.

საფრანგეთის მთავრობის სპიკერი, გაბრიელ ატალი, ამბობს, რომ დელტა ვარიანტის გავრცელების გამო შეზღუდვების მოხნის თარიღმა 6 ივლისამდე გადაიწია. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საფრანგეთში დელტა ვარიანტით ინფიცირების მაჩვენებელი 20 პროცენტს შეადგენს. ახლა ფრანგი მეცნიერები ცდილობენ მიიღონ ყველა ზომა რათა ქვეყანაში პანდემიის ახალი ტალღა თავიდან აირიდონ. სწორედ ამიტომ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნის თარიღმა „მინიმუმ 6 ივლისამდე გადაიწია“.

ვაქცინაცია: საფრანგეთში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 20.1 მილიონი ადამიანი, რაც მოსახლეობის 30 პროცენტს შეადგენს.

გერმანია

კოვიდ-19-ის დლტა ვარიანტი სწრაფად ვრცელდება გერმანიაშიც. ბოლო 5 დღის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობის 36 პროცენტი სწორედ კოვიდ19-ის დელტა ვარიანტზე მოდის. გერმანელი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მომდევნო დღეებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდება.

„დელტა ვარიანტის იგნორირება სერიოზული შეცდომა იქნება, ის შემთხვევების ნახევარს უკვე წარმოადგენს,“ – ამბობს ბავარიის გუბერნატორი მარკუს სოდერი.

ვაქცინაცია: გერმანიაში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 30.4 მილიონი ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 36.6 პროცენტს შეადგენს.

აშშ

ახალ ინფიცირებულთა 20 პროცენტი დელტა ვარიანტზე მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სპეციალისტების თქმით ვირუსი მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ უფრო გავრცელდება. ზოგიერთი შტატი თუ ქალაქი ხელახლა აწესებს მცირე შეზღუდვებს. მაგალითად, ლოს ანჯელესის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას, მასობრივი თავშეყრის ადგილებში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ, განურჩევლად ვაქცინაციის სტატუსისა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პანდემიის მეოთხე ტალღა ამერიკაშიც იქნება, თუმცა განსხვავებული. სფეროს სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მეოთხე ტალღის დროს ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება და გაცილებით დაბალი იქნება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები.

ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ქვეყანაში მეოთხე ტალღა ნაკლებად სავარაუდოა. ფაუჩის მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ვაქცინას, უფრო ნაკლები იქნება შანსი, რომ ქვეყანაში პანდემიის მეოთხე ტალღა წარმოიშვას.

ამერიკელი სპეციალისტები აქვე განმარტავენ, რომ ვაქცინები როგორიც არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს რთული ფორმებისგან იცავს.

განცხადებები დელტა ვარიანტის შესახებ ვაქცინის მწარმოებლებმაც გააკეთეს. „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დელტა ვარიანტთან მიმართებაში ეფექტურია.

ვაქცინაცია: ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის 154 მილიონი ადამიანია სრულად ვაქცინირებული და გამოყენებულია 325 მილიონი დოზა. ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ვაშინგტონის ოლქში, ნიუ-იოკში, ნიუ-ჯერსში, მასაჩუსეტში, მერილენდში და მინესოტაში ფიქსირდება. ამ შტატებში მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე სრულად ვაქცინირებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

გასულ კვირას კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტზე განცხადება გაკეთდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც. ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა მოქალაქეებმა პირბადის ტარება უნდა განაგრძონ. ორგანიზაცია მოუწოდებს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, რომ პანდემიურ ვითარებაზე ყურადღება არ მოადუნონ.

ვაქცინაციის მაჩვენებელი მსოფლიოში

ამ დროისთვის მსოფლიოში სრულად ვაქცინირებულია 843 მილიონი ადამიანია, რაც მსოფლიო მოსახლეობის 10.8 პროცენტს შეადგენს. ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემია მსოფლიოში მაშინ დასრულდება, როცა ეს მაჩვენებელი 70 პროცენტზე მაღალი იქნება. ამ დროისთვის მსოფლიოში ვაქცინის 3.04 მილიარდი დოზაა გამოყენებული.

კოვიდ-19-ის გავრცელების წერტილად მსოფლიოში ამ დრომდე ჩინეთი, ვუჰანის პროვინცია ითვლება. თემაზე თუ როგორ მოხდა ვირუსის გავრცელება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელები ამ დრომდე მსჯელობენ. სპეციალისტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან უკვე იმყოფებოდნენ ვუჰანში. მათ როგორც ველური ცხოველების ბაზარი, ასევე ვუჰანში არსებული ლაბორატორია შეისწავლეს.

 

www.amerikiskhma.com

მსგავსი სიახლეები