„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააცნო.
მისი განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
როგორც მელიამ აღნიშნა, შიმშილობას “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე დაიწყებენ, სადაც ამ წუთებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა.
პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ შიმშილობის მასობრივ აქციაში ჩართვისკენ ვერავის მოუწოდებს, თუმცა “რაც უფრო ბევრნი იქნებიან, მიხეილ სააკაშვილს მით მალე გაათავისუფლებენ”.
„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია.
ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მე შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავავალდებულებ, გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება და მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას. სად? – ალბათ გაქვთ ეს შეკითხვა. არ მინდა და პრინციპულია ეს ჩემთვის, ბავშვები ნამდვილად გახდნენ ამ მიზანსცენის შემხედვარე. ახალი წელი მათთვის ჯადოსნურია და დავუტოვოთ მათ ეს სივრცე. არ გვინდა ხელი შევუშალოთ სალომე ზურაბიშვილს განავითაროს ის პროცესი, რომელიც მან წამოიწყო. ჩვენ ამ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას ვიწყებთ კახეთის გზატკეცილზე, ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიქნებით ძალიან ბევრნი. შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქ ეწყობა და ჩემი მხრიდანაც სათქმელად რთულია, ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. თქვენთვისაც მოსმენა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მაგრამ იქ, სადაც ეროვნული ინტერესია, იქ, სადაც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას მთელი სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები, იქ, სადაც ოკუპაციას გადარჩენილი ქართველები იმ ტერიტორიაზე ვართ, სადაც ხდება ის, რაც ყოველდღიურად ხდება, როცა ოკუპაციას გადარჩენილ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ ქართველები და დაგვავიწყდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებიც, იმიტომ, რომ ამ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს აწყობს პოლარიზება, რომ მათზეც ვერ ვესაუბროთ, ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს, გარდა შეტევისა და გარდა იძულებისა, რომ რეჟიმს უკან დავახევინოთ და მიტაცებული სახელმწიფო ხელიდან გავაგდებინოთ. აქედან ჩავდივარ, მეგობრებთან ერთად მივდივარ კახეთის გზატკეცილისკენ, ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იქ წამოხვალთ. ვიქნებით მანამდე და არა მხოლოდ იქ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება ტყვეობიდან. ეს შიმშილობის უმძიმესი აქტი იქნება უვადო, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე.
ვისაც გული გიძგერთ, ვისაც შეგიძლიათ, ვისაც წრფელად გჯერათ, რომ გამარჯვება მოპოვებადია, უკან არ დავიხიოთ და ბრძოლა იყოს ბოლო ამოსუნთქვამდე. მანამ სანამ ჩვენ თავებს არ დავუმტკიცებთ, არ დავიჯერებთ, არ ვირწმუნებთ, რომ შეგვიძლია, სანამ განტევების ვაცებს ვეძებთ, სანამ ნიშნის მოგებით ვესაუბრებით ერთმანეთს, სანამ ხელისუფლება ხელებს იფშვნეტს, რამდენი ადამიანი ჩააგდოს ტყვეობაში, რეალობა თავისით ვერ შეიცვლება. ვეცადოთ დღევანდელი დღე მომდევნო კვირების, მომავლის გადმოსახედიდან დავინახოთ. გადავხტეთ 2025, 2026 წელიწადში და დავინახოთ, ვიბრძოლეთ ისე როგორც შეგვეძლო? რამემ ხომ არ დაგვაფრთხო? შეგვაბრკოლა? ეს კითხვები, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რომ არ დავუტოვოთ საკუთარ თავებს, მოდით, ბოლომდე ვიბრძოლოთ. ბევრი იბრძოლა მამაჩემის თაობამ, მაგრამ ყველა პრობლემის მოგვარება ჩვენთვის ვერ მოახერხეს, არ გვინდა ჩვენმა შვილებმა იგივე თქვან. დიდი ისტორიული გამარჯვებები დიდი ძალისხმევის გაღებისა და დიდი თავდადების გაწევისა და თავგანწირვის გარეშე არ მოდის. “, – განაცხადა მელიამ.