ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა.
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დღეს, 1 დეკემბერს მესამე მოსმენით, 81 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად, 6-ის ნაცვალდ, 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი პირის
მიმართ სასჯელის სახით — 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.
ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდა სასჯელი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის. ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღებისთვის სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით. აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში — 5-დან 9 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშაულებების გასაღებისთვის სასჯელის გამკაცრებას მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაუჭირა მხარი და კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. პარლამენტმა კანონოპროექტი პირველი მოსმენით 19 ნოემბერს მიიღო, დღეს კი საბოლოოდ დაამტკიცა.
22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქმედ ნარკოპოლიტიკას „საკმაოდ ლიბერალური“ უწოდა, თქვა, რომ „ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დასაქმდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებული მავნე ნივთიერებების მოხმარებით“. ამ მიზნით მან ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის გამკაცრებაც დააანონსა.