ენერგეტიკოსი გია არაბიძე „ნამახვანჰესის“ პროექტის შესრულებასთან დაკავშირებით თვლის, რომ პროექტის გაჩერება ქვეყანას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
„ამ პროექტის გაჩერება ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებს აქეთ საერთოდ ვეღარ გამოვახედებთ“, – აცხადებს არაბიძე BM.GE-სთან აღნიშნულ თემაზე საუბრისას.
დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების გადახედვას გულისხმობს, არათუ დროული, არამედ დაგვიანებული იყო. ის აცხადებს, რომ საინვესტიციო პროექტებთან მიმართებით სახელმწიფოს არათანმიმდევრული პოლიტიკა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისთვის დამაზიანებელია, თუმცა ამ ეტაპზე პროექტის განხორციელების მხრივ ჩიხში შესული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ხელისუფლებასა და ინვესტორს შორის შეთანხმების მიღწევა უფრო მნიშვნელოვანია.
„ჩვენისთანა გაღატაკებულ ქვეყანას რომ 800 მლნ-იანი ინვესტორი გამოუჩნდა და ამაზე ვამბობთ უარს, ეს ხარაკირზე უარესია; თუ არ ვარგა პირობები – გავასწოროთ და 800 მლნ-იან პროექტს ნუ გადავაგდებთ, თორემ ამის შემდეგ ენერგეტიკაში ერთ ცენტსაც აღარავინ ჩადებს. პროექტი საქართველოს კანონმდებლობას უნდა იყოს მორგებული და ინვესტორის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან ინვესტორი შენი ბიძაშვილი არ არის, მოვიდეს, აგიშენოს, გაჩუქოს და წავიდეს; აქედან გამომდინარე თუ ამით ქვეყანა იგებს და არ ზარალდება ეკონომიკურად, იურიდიულად, ენერგეტიკულად, ეკოლოგიურად – თუ ყველაფერი ეს მოწესრიგდა, რას ჰქვია უარი ვთქვათ 800 მლნ-იან პროექტზე?!
მართალია, პრემიერის განცხადება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასა და პოტენციურ ინვესტორებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, მაგრამ ორჯერ უფრო ცუდი იქნება თუ ჰესი არ აშენდება; როდესაც ხელშეკრულება გავაფორმეთ, ჭკუა უნდა გვეხმარა, რომ აქ ეს პრობლემები არ ყოფილიყო. ხეობის მოსახლეობა იქნებოდა ეს თუ ნებისმიერი სხვა, ყველასთან უნდა მისულიყო ინფორმაცია, რომ ეს კრიზისული მდგომარეობა არ მიგვეღო. ამდენად, 800 მლნ-იან პროექტზე უარის თქმა 100-ჯერ უფრო დამაზიანებელია, ვიდრე პრემიერის ეს განცხადება, რომ ეს მემკვიდრეობით ერგო და ყველაფერს გააკეთებს ახლა, რომ გადახედონ, შეამოწმონ და დაალაგონ ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება. ეს უფრო რბილი და უკეთესი განცხადებაა და უკეთესი იმედი ინვესტორებისთვის, ვიდრე „ენკა“ გაიქცეს აქედან და ის დანახარჯი, რაც აქვს, საქართველოსგან მოითხოვოს.
საქართველოში შემოსული ინვესტიციების 80% ენერგეტიკაზე მოდის. ამას არამარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. იმით, რაც გავაკეთეთ, ჩვენი იმიჯი და საინვესტიციო გარემო უკვე დაზიანდა და ახლა თუ გავაჩერეთ პროექტი, უარესი იქნება. მოკლედ, პრემიერის ამ განცხადებით თუ მოვახერხეთ და შევთანხმდით, დავიწყეთ და ავაშენეთ ნამახვანჰესი, ეს იქნება სიგნალი, რომ ქვეყანაში პრობლემები არის, მაგრამ ინვესტორებისთვის მისი გადაწყვეტის გზებიც არსებობს“, – განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ.
წყარო: BM.GE