“თელასის” განმარტებით, აბობნტებისთვის თავიანთი მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად გაგზავნა სავალდებულო არაა.
“თელასმა” მომხმარებლებს სმს-ები გაუგზავნა, სადაც მათ 30 ივნისის მდგომარეობით არსებულ მრიცხველის ჩვენების გაგზავნას სთხოვდა. როგორც ნეტგაზეთს “თელასში” განუმარტეს, მრიცხველის ჩვენების გაგზავნა აბონენტებისთვის ნებაყოფლობითია და მხოლოდ ერთჯერადია.
“ჩვენ ვებპორტალი შევქმენით და ამ ვებპორტალის მისამართიც გავუგზავნეთ ონლაინ პლატფორმით, სადაც სურვილისამებრ შეუძლიათ გამოგზავნონ[მრიცხველის ჩვენება]. ვალდებულება არ არის და ეს მოხდება მხოლოდ ერთხელ, იმიტომ, რომ 30 ივნისამდე მომხმარებელს ელექტროენერგიას მიაწვდის “თელასი”, ხოლო პირველი ივლისიდან თბილისის ელექტრო გამანაწილებელი კომპანია(“თელმიკო”)”, – აცხადებენ “თელასში”.
მათივე თქმით, 30 ივნისს შემდეგ აბონენებს მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანგარიშსწორება უკვე ახალ კომპანია “თელმიკოსთან” მოუწევთ.
“იმის გამო, რომ მომხმარებელთა მომსახურება “თელასიდან” გადადის “თელმიკოზე”, ჩვენ [“თელასს”] გვექნება მარტო ქსელის გამართულობა, ქვესადგურები, ახალი აბონენტების მიერთება. ხოლო მომხმარებელთა ურთიერთობა, ელექტროენერგიის ქვითრის გაგზავნა მომხმარებელთან, გადასახადის გადახდა იქნება ახალ კომპანიაში. ამის გამო ინფორმირება მოხდა”, – აცხადებენ “თელასში”.
ნეტგაზეთმა ინფორმაცია “თელმიკოსთან” გადაამოწმა. როგორც “თელმიკოში” აცხადებენ, აბონენტების მონაცემენის მიწოდების სისტემა არ იცვლება და ისინი ქვითრებს ტრადიციული ფორმით მიიღებენ.
“რაც შეეხება “თელმიკოს”, როგორც იყო ადრე, სისტემა არ იცვლება. არც მონაცემების მიწოდების სისტემა იცვლება, არც ქვითრების დაგზავნის სქემები და გრაფიკი იცვლება. ეს ყველაფერი რჩება ისე, როგორც იყო და მიჩვეულია მომხმარებელი”, – აცხადებენ “თელმიკოში”.