არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ წყარომ მიაწოდა დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ორგანიზებას უწევდა საჯარო სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ქეთევან ჭიპაშვილი, ამავდროულად, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობს.
ISFED-ის განცხადებით, მოწოდებულ დოკუმენტში ჩანს, რომ რესურსცენტრს ჰქონდა წინასწარ შედგენილი სია, სახელწოდებით „ქეთევან ჭიპაშვილის მხარდამჭერები (ადამიანები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში)“:
„აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების იმ დირექტორებისა და მათი მოადგილეების სახელები (საკონტაქტო ინფორმაციით), რომელთა კამპანიაში ჩართვაც, სავარაუდოდ, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ იყო გამიზნული. საგულისხმოა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქეთევან ჭიპაშვილმა საარჩევნო კოდექსით დადგენილი აგიტაციის წესი დაარღვია, რასთან დაკავშირებითაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადინისტრაციაში საჩივარი წარადგინა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ISFED-ში აღნიშნავენ, რომ მათთვის უცნობია, ვისი მითითებით მოხდა სიის შედგენა და რა ფორმით იყვნენ სკოლის დირექტორები/მოადგილეები საარჩევნო პროცესებში ჩართული. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზებისა და საარჩევნო მიზნით სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნიშნებს. ISFED-ის თქმით, აღნიშნული ასევე წარმოადგენს სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის მცდელობას, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
„ISFED უკვე მრავალი წელია საუბრობს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების, ასევე, საჯარო სკოლების დირექტორების საარჩევნო პროცესებში ჩართვის შესახებ, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საარჩევნო პერიოდში. აღნიშნული დაწესებულებების პერსონალი ხშირად მიიჩნევა მმართველი პარტიის მიერ მნიშვნელოვან საარჩევნო რესურსად, უფრო მეტიც, მმართველი პარტიის მიერ აქტიურად ხდება მათი გამოყენება სააგიტაციო მიზნებისთვის, მათ შორის არანებაყოფლობითი და იძულებითი ფორმით.
“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და პერსონალის ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში ეწინააღმდეგება როგორც საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ წესებს აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების მხრივ, ასევე არღვევს “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება“, – აცხადებენ ორგანიაციაში.
“სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:
- საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს საჯარო სკოლის დირექტორების/მოადგილეების და საგანმანათლებლო რესურსცენტრის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ფაქტები და საზოგადოებას უმოკლეს დროში მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე. ასევე, გადადგას აქტიური ნაბიჯები განათლების სფეროში პოლიტიკური გავლენების აღმოსაფხვრელად.
„ნეტგაზეთი“ აღნიშნულ საკითხზე დაუკავშირდა თავად ქეთევან ჭიპაშვილს, რომელიც ამ დრომდე ხელმძღვანელობს ყვარლის რესურსცენტრს. ჭიპაშვილის თქმით, ის საკრებულოს სიაში მე-9 ნომერი იყო და წინასაარჩევნო კამპანია საერთოდ არ უწარმოებია.
ამასთან, ჭიპაშვილს კითხვის ნიშნები აქვს დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებითად და ამბობს, რომ მსგავსი ცხრილის შედგენა ყველა ადამიანს შეუძლია:
„მე წინასაარჩევნო კამპანია არ მიწარმოებია. ეს შეგიძლიათ გაარკვიოთ, ყვარელში ოპოზიციურ პარტიებს ჰკითხეთ. რატომ უნდა მეწარმოებინა საარჩევნო კამპანია, მე-9 ნომერი ვიყავი სიაში. ჩამოწერილი ყოფილა 21-ე საჯარო სკოლა, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, დირექტორების სახელი და გვარები და სასწავლო ნაწილების მონაცემები. ეს ინფორმაცია მთელ ყვარელშია ხელმისაწვდომი.
ყველას შეუძლია ასეთი წარწერის გაკეთება ნებისმიერ ფაილზე. ყვარელში არიან NGO-ები და ოპოზიციური პარტიები. მათ ჰკითხეთ, თუ ამ სიაში მყოფი ადამიანებიდან რომელიმემ სადმე ორი სიტყვა მაინც თქვა, მხარი დაუჭირეთ ქეთევან ჭიპაშვილსო? უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ სიაში ვიყავი“, – ამბობს ჭიპაშვილი „ნეტგაზეთთან“.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ყვარლის მუნიციპალიტეტში უმრავლესობა მოიპოვა. პროპორციული სიით საკრებულოს წევრი გახდა ქეთევან ჭიპაშვილიც.