სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.
11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ გაფრთხილების მიუხედავად, „ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი [სააკაშვილის] პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით“.
„კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ მაღალი საჯარო ინტერესის პარალელურად, მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის პატივი და ღირსება“, – წერია ინსპექტორის განცხადებაში.
„ამასთან, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება“, – აცხადებს ინსპექტორის სამსახური.
განცხადების თანახმად, „აღნიშნულ ფაქტზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა“.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.
„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების დაწყების დღესვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერილობით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის №12 დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და მისი №18 დაწესებულებაში განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობა-არარსებობის დადასტურებისა და მათი დაარქივების მოთხოვნით“.
„იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და, შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას“, – წერს უწყება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს:
- „შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება“;
- „პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“;
- „ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას“…
netgazeti.ge