აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობების მიმართ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა 170-ზე მეტ ქვეყანაში 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის ანალიზი გამოაქვეყნა, მათ შორის საქართველოზეც.
„საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა. თუმცა იქ არის მზარდი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნეს დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. სხვა კომპანიები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის არაეფექტურობაზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ნაკლოვანებებზე, ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის არარსებობაზე, პოლიტიკურ ჩარევაზე ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შორის სავაჭრო კანონების შერჩევით აღსრულებაზე და საკუთრების უფლებების საკითხებზე დავების გადაჭრის სირთულეებზე. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ პრობლემების მოგვარებაზე მოშაობას და მიუხედავად ამ არსებული გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში წამყვან პოზიციაზე, როგორც კარგი ადგილი ბიზნესის საკეთებლად“, – ნათქვამია ანგარიშში.
მიმოხილვის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე პრობლემატური რჩება.
„მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მთლიანობასთან და ხარისხიანი შედეგების უზრუნველსაყოფად სასამართლოთა შესაძლებლობებთან დაკავშირებული წუხილები კვლავ აისახება ინვესტორთა ნდობაზე სასამართლო სისტემის მიმართ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში.
აქვე საუბარია, რომ დაბალი შრომითი ხარჯები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც უცხოური ინვესტიციების ადგილის, მიმზიდველობას.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქუჩაში ძალადობრივი საპროტესტო აქციები იშვიათია, მაგრამ მნიშვნელოვანი შეტაკებები მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტში შესვლა.
„ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ზოგიერთმა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო, რადგან პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. საერთო ჯამში, პოლიციამ შეასრულა წესრიგის დაცვის ვალდებულება დაუგეგმავი საპროტესტო აქციების დროსაც კი“, – აღნიშნულია ანგარიშში.