საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ახალი სამთავრობო სატელეფონო აპარატურის შესყიდვა სურს.
აკადემიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა, შესაბამისი წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა დღეს, 14 ივნისს.
წერილში ნათქვამია, რომ მეცნიერებათა აკადემია სარგებლობს სპეციალური სატელეფონო ქსელის ექსკლუზიური მომსახურებით, რათა საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირებთან და სახელისუფლებო სტრუქტურებთან “დახურული საშუალებით” კომუნიკაცია უზრუნველყოს.
როინ მეტრეველი ჩივის, რომ აკადემიაში ამჟამად განთავსებული აპარატურა მწყობრიდანაა გამოსული.
“ვინაიდან აკადემიის სარგებლობაში არსებული სამთავრობო სატელეფონო აპარატურა (4 ერთეული აპარატი და სატელეფონო სადგური) ამ ეტაპზე გამოვიდა მწყობრიდან და შეუძლებელია მისი შემდგომი ექსპლუატაცია განახლების გარეშე, საჭირო გახდა ახალი, გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრების მქონე აპარატურის შესყიდვა”, — დასძენს ის.
წერილის მიხედვით, ხსენებულ მომსახურებას მეცნიერებათა აკადემიას სსიპ “სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო” უწევს. როგორც მეტრეველი წერს, სააგენტო აკადემიას 2 380 ლარის ფარგლებში აწვდის და უმონტაჟებს შესაბამის აპარატურას.
დასასრულს, როინ მეტრეველი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობას სთხოვს, მეცნიერებათა აკადემიამ სპეცკავშირების სისტემით შეუფერხებლად სარგებლობისთვის საჭირო აპარატურა გამარტივებული წესით შეიძინოს.
მეტრეველის თხოვნას ერთვის ხარჯთაღრიცხვა, ისევე როგორც, წერილის ასლი, რომელიც კავშირგაბმულობის სააგენტომ მეცნიერებათა აკადემიას გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა აკადემიის შენობაში დამონტაჟებული აპარატურა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის მწყობრიდანაა გამოსული.
მეცნიერებათა აკადემიამ კავშირგაბმულობის სააგენტოს მიმდინარე წლის მაისში მიმართა თხოვნით, შეემოწმებინა აკადემიაში განთავსებული სამთავრობო ტელეფონები. წერილს მაშინდელი პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძე აწერდა ხელს.
როინ მეტრეველი მეცნიერებათა აკადემიის დირექტორად მიმდინარე თვეში აირჩიეს.
როინ მეტრეველი საბჭოთა რეჟიმის დროს კომუნისტურ პარტიაში, როგორც თავად ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, „გავლენიანი ფუნქციონერი“ იყო. 1990-იანი წლებიდან 2004 წლამდე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მან თანამდებობა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ დატოვა.