ლომჯარია არ წარმოადგენდა ხელისუფლებას და იგი არ იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხშირად სახალხო დამცველი არსებულ რეალობას თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს.

მისი თქმით, სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიას შერჩევა „ქართული ოცნების მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო, რადგან იცოდნენ, რომ ის არ წარმოადგენდა ხელისუფლებას და „პირდაპირ იყო ასოცირებული, აფილირებული ოპოზიციასთან“.

„ზოგადად, ამ ინსტიტუტის მიმართ, მოგეხსენებათ, რომ ამერიკას, ევროპის ქვეყნებს, აქვთ ზოგადი მიდგომა და დამოკიდებულება არის ერთგვარი, რომ ზოგადად, ენდობიან, პატივს სცემენ და უსმენენ ომბუდსმენის ინსტიტუტს. აქ ინდივიდებზე არ არის საუბარი, ზოგადად, ინსტიტუტის მიმართ არსებობს უფრო მეტად ობიექტური დამოკიდებულება.

რა თქმა უნდა, შეიძლება ცალკე განხილვის საგანი იყოს ამა თუ იმ ომბუდსმენის მიკერძოებული განცხადებები თუ ქმედებები, რაც ცალკე განსჯის საგანი შეიძლება გახდეს. ამ შემთხვევაში, მე გავიზიარებდი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს და ვიტყოდი, რომ ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

netgazeti.ge

 

მსგავსი სიახლეები